დღეს გურიის გუბერნატორს მოქალაქეების მიღების დღე ჰქონდა. მასთან შესახვედრად უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოხუცის _ ჟენია ტეფნაძის შვილიც მივიდა. ბატონი ანზორი დედასთან ერთად შეკოწიწებულ ქოხში უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობს.
“ გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, მან გუბერნატორის დახმარების გაწევა თხოვა და ისიც უთხრა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა დახმარებისთვის, თუმცა _ უშედეგოდ.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, გურიის გუბერნატორმა მაშინვე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი თამარ დუმბაძე დაიბარა და ჟენია ტეფნაძის სახელზე გადარიცხული თანხების შესახებ დოკუმენტაცია მოსთხოვა. როგორც წყარო ამბობს, გია სალუქვაძემ, ოზურგეთის მერიის სოციალური განყოფილების უფროსს, სამსახური საქმიანობის შესწავლით და პროკურატურით დაემუქრა.
სოციალური განყოფილების უფროსი თამარ დუმბაძე მასა და გუბერნატორს შორის ხმამაღალ საუბარს გამორიცხავს, თუმცა, ამბობს, რომ ამ ოჯახს ორჯერ გაუწიეს დახმარება:
_ როგორც ვიცი, დღეს მიღებაზე მოქალაქეს უთქვამს, “ხელისუფლება ფულს “მითეთრებდა“, არ მაძლევდნენ გამოწერილ დახმარებებსო. ყველამ იცის ამ დედა-შვილის გაჭირვების შესახებ და რაც შეგვეძლო, დავეხმარეთ; ერთხელ _ 100 ლარით, შემდეგ _ 250 ლარით, _ აღნიშნა დუმბაძემ.
“რომ მივედი გუბერნატორთან მიღებაზე, მკითხა, თუ რატომ ხდება ასეთი რამ ქალბატონოო… ვუთხარი, რომ 2014 -15 წლებში გაცემული დახმარების დოკუმენტაციას მოგიტანთ, სადაც დაფიქსირებულია ამ ქალბატონის სახელზე ჩარიცხული დახმარება-თქო. ამოვიტანე ეს დოკუმენტები და ვაჩვენე კიდეც. გუბერნატორმა მომთხოვა წინა წლების დოკუმენტაციაც, თუმცა ავუხსენი, რომ 2014 წლის აგვისტოდან ვმუშაობ და წინა წელზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდი. გუბერნატორმა თქვა, რომ თუ ასეთი რამე ხდებოდა, პროკურატურა ჩაერთვება საქმეში,“ _ გვითხრა თამარ დუმბაძემ.
გუბერნატორის მოადგილე ქეთი მოისწრაფიშვილი, რომელიც დღეს მოქალაქეებთან შეხვედრაზე გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ გუბერნატორი, მოქალაქის მიღებისას, დაინტერესდა, თუ რატომ არ ეხმარება მას მერია, თუკი ასეთი მძიმე სოციალური პირობები აქვს.
“რა თქმა უნდა, არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია, იმისა, რომ რომ ამ ადამიანს გაეწია დახმარება; ამიტომაც მოხდა სოციალური განყოფილების უფროსთან გასაუბრება. გია ნამდვილად არ არის ისეთი დონის ადამიანი, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოს, მით უმეტეს, როცა არც იმ ადამიანს დაუმსახურებია,“ _ აღნიშნა გურიის გუბერნატორის მოადგილემ.
































































