წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 2015 წლის მაისში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 2.5%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 41 867 ერთეული შეადგინა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2011-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით, ამა წლის მაისი უპირატესი ზრდით გამოირჩევა.
"კერძოდ, 2011 წლის მაისთან (41 044 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 2.0%-ით, 2012 წლის მაისთან (46 856 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – კლება 10.6%-ით, 2013 წლის მაისთან (38 497 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 8.8%-ით და 2014 წლის მაისთან (40 836 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 2.5%-ით", – ნათქვამია განცხადებაში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 0.8%-ით შემცირდა. კლება დაფიქსირდა როგორც პირველადი (2.3%-ით), ისე მეორადი (0.4%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.
"2015 წლის მაისის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010-100) დაფიქსირდა 0.995 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.971). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (1.4%-ით), ისე მეორადი (2.8%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის მაისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 7 850, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 34 017 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010-100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.709 და 1.097 დონეებზე დაფიქსირდა", _ აღნიშნულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი შემცირდა. ამა წლის მაისში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 81.3%-ს მეორადი, ხოლო 18.7%-ს – პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2014 წლის მაისში კი – შესაბამისად 81.0% და 19.0%).


































































