დიღომში, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სტიქიით დაზარალებული ადგილების გაწმენდის შედეგად დაგროვებულ ნაშალ მასალას ეზიდებიან და იქვე ყრიან. ნაგავსაყრელი ძალიან ახლოსაა განთავსებული დიღომში მშენებარე ახალ ოლიმპიურ კომპლექსებთან.
"გურია ნიუსი" შემთხვევით გადააწყდა ამ ფაქტს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტერიტორიაზე სხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ შეინიშნება. სავარაუდოდ, ეს ადგილი ნაგავსაყრელად თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ გამოიყენეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ვესაუბრეთ "თბილსერვისჯგუფის" დირექტორის პირველ მოადგილეს ლევან ჯღარკავას, რომელმაც განაცხადა: "სტიქიით დაზარალებული ტერიტორია დაყოფილია რამოდენიმე ზონად. მე ვარ ზოოპარკის ზონის კოორდინატორი და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აქედან გატანილი ნამეწყრალი მასა გააქვთ გლდანის ნაგავსაყრელზე. რა ხდება სხვა ზონებში და სად მიაქვთ იქედან გატანილი ნაგავი, ვერაფერს მოგახსენებთ".
"გურია ნიუსი" მერიის პრესსამსახურს მეორედაც დაუკავშირდა, იმის გასარკვევად, სხვა ზონებიდან გატანილ ნაშალ მასალაზე ვინ არის პასუხისმგებელი. დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ „მზიურის“ ტერიტორიას საგანგებო სიტუაციების სამსახური და ჯარი ასუფთავებს. თუმცა, საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ისინი ტერიტორიიდან ნარჩენი მასალის გატანაზე პასუხისმგებლები არ არის.
"ჩვენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ვახორციელებთ, დასუფთავებაზე პასუხისმგებელი არ ვართ. ჩვენი სამსახური ეხმარება ტერიტორიის დალაგებაში, ნაგვის გატანაშიც ვეხმარებით, მაგრამ ჩვენ რაში ვართ პასუხისმგებლები? ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით", _ ამბობს საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურის წამომადგენელი.


































































