ამ წუთებში გურიის გუბერნიაში , გუბერნატორის გია სალუქვაძის ოთახში დახურული შეხვედრა იმართება. შეხვედრას გუბერნატორი გია სალუქვაძე და მოადგილეები ქეთი მოისწრაფეშვილი და სოსო ერქომაიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსი გოჩა ალფაიძე, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს აჭარის უფროსი, ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნები, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის გამგებლები, ქალაქ ოზურგეთის მერი და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებიან.
" გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის წინასწარი დეტალების შესახებ ინფორმაციას, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ ფლობდა.
დახურულ შეხვედრასთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორმა " გურია ნიუსთან" კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სუს -ს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება.
" რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, კულტურული ღონისძიებების გადადება, შესრულებული სამუშაოები, ესაა შეხვედრის მიზანი. უშიშროების სამსახურმა თავისით გამოთქვა სურვილი, გაცნობოდა სიტუაციას, პროექტებს“ _ აღნიშნა სალუქვაძემ და დააკონკრეტა, რომ შეხვედრას არ აქვს პოლიტიკური სახე.
"ჩვენ ვართ ადმინისტრაცია, ასე რომ პოლიტიკიდან შორს ვართ, ჩვენ გვაინტერესებს შესრულებული სამუშაოები, ვადები და ასე შემდეგ" _ განმარტა მან.
გუბერნატორის მოადგილემ სოსო ერქომაიშვილმა გუბერნატორის მსგავსად გაგვცა პასუხი: "შეხვედრას ესწრებიან სუს- მაღალჩინოსნები იმიტომ, რომ გაეცნონ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს"
სახელმწიფო უსაფრთხოების გურიის სამსახურის უფროსი გოჩა ალფაიძე ამბობს, რომ ხალხის გასაცნობად მივიდა.
"გასაცნობი ხასიათის შეხვედრაა, ხომ უნდა ვიცნობდე ადამიანებს სახეზე, ქუჩაში რომ შემხვდებიან, ხომ უნდა ვიცოდე ვინაა, ჩემი ხელმძღვანელი ჩემთან სტუმრად იყო და უბრალოდ ესწრება" _ გვითხრა ალფაიძემ.