ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის მოადგილეს კობა დუნდუას ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 10 მარტს აქვს შევსებული, რომლის მიხედვითაც ის თბილისში, ბელიაშვილი ქუჩაზე ბინას ფლობს, რომლის ფართობიც 111.00 კვ.მ.-ია. დუნდუა ასევე არის 100 %-იანი წილის მფლობელი ქალაქ ოზურგეთში გრიბოედოვის ქუჩაზე # 20 -ში მდებარე 602 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთის, რომელიც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. ის ასევე ფლობს სასოსფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ოზურგეთში, გრიბოედივის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 2835.00 კვ.მ.-ია; ასევე, მის საკუთრებაშია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე 299.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთიც.
დეკლარაციაში მითითებულია, რომ არცერთი მიწის ნაკვეთი დუნდუაზე ჯერ არ არის გადაფორმებული.
კობა დუნდუას სახელზე ირიცხება კურორტ ბახმაროში ვაკიჯვრის ქ.#70 56.00 კვ.მ ფართობი. ასევე 100 % წილს ფლობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში , სოფ. ნატანებში, (ზვანი-შეკვეთილი) – 406.00 კვ.მ ფართობს .
დეკლარაციის მიხედვით მერის მოადგილის მეუღლის თინათინ ნადირაძის სახელზეა აჭარაში, კონკრეტულად .გონიოში – 45.00 კვ.მ ფართობი.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, მერის მოადგილეს ქონებრივი დეკლარაციის შევსება დააგვიანდა და მას ჯარიმის გადახდაც დაეკისრა. აღნიშნულ ინფორმაციას დუნდუა " გურია ნიუსთან" ადასტურებს.
‘"მამაჩემის, ჯუმბერ დუნდუას გარდაცვალების შემდეგ მის სახელზე არსებული უძრავი და მოძრავი ქონება ჩემს სახელზე იყო დასარეგისტრირებელი. აღნიშნული პროცესი დროში გაიწელა და შესაბამისად, დეკლარაციაც დაგვიანებით შევავსე. ვადის გადაცილებაზე დაწესებული ჯარიმა, 1000 ლარის ოდენობით კი პირადად მე გადავიხადე.’’ – ამბობს კობა დუნდუა.
"გურია ნისუმა" რამდენიმე კითხვით მიმართა კობა დუნდუას:
_ბატონო კობა, რას ნიშნავს დეკლარაციაში ჩანაწერი, რომ ხართ 100 პროცენტით მიწის ნაკვეთების მფლობელი და თან მითითებულია, რომ ჯერ არ არის გადაფორმებული?
_იმას, რომ ვეღარ მოვასწარი გადმოფორმება. ჯარიმა რომ მოვიდა, მერე უცბად უნდა შემევსო დეკლარაცია და აღარ გადმოვიფორმე ანუ პროცესი შევაჩერე, თორემ ნოტარიულად გაკეთებულია ყველაფერი, რასაც აწერია, რომ ჯერ არ არის გადაფორმებული, ნიშნავს რომ მამას ქონებაა, მოკლედ გადმოფორმების პროცესშია
_ ბატონო კობა, როდის უნდა გადმოიფორმოთ და გადახდილი გაქვს თუ არა ამ ნაკვეთების თანხა?
_გადმოფორმების თანხა აღარ გადავიხადე, მარტო ნოტარიულად გავაკეთე საბუთები და მითხრეს ნოტარიუსს ვადა არ აქვს და როცა გინდა გადმოიფორმებო.
_გვაინტერსებს, ასევე როდის გადმოიფორმეთ ბახმაროს სახლი, იყიდეთ თუ ნაჩუქრობის ხელშეკრულებით გაქვთ?
_ ვიყიდეთ დიდი ხნის წინ, დაახლოებით 12 წლის წინ_ აღნიშნა დუნდუამ.