გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და თითქმის მთელ საქართველოში თხილი უკვე მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად შემოსავლის წყაროდ ითვლება _ მისი გაშენება დიდი სისწრაფით ხდება მთელ ქვეყანაში, მაგრამ ამ კულტურასაც გამოუჩნდა დაავადება, რამაც მოსახლეობაში დიდი შეშფოთება გამოიწვია. მართალია, ეს დაავადება ჯერ ძალიან გავრცელებული არაა, მაგრამ მაინც აუცილებელია სხვადასხვა აღმკვეთი ღონისძიებების დროულად გატარება და დაავადების კერის დროული მოსპობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს შხამქიმიკატები, რომლებიც ფუტკრისთვის საზიანოა და ხეების შეწამვლის პროცედურა ანადგურებს ამ ღვთიურ მწერს.
შხამქიმიკატებიდან ფუტკრისთვის განსაკუთრებით საზიანოა : "ბ-58", "საფაგორი", "ენვიდორი", რომლებიც მძაფრი სუნით გამოირჩევიან.
თუ შეწამვლის ყველა წესს დავიცავთ, ფუტკარიც გადარჩება და თხილიც. ამისთვის გააზრებული და შეთანხმებული მოქმედებაა საჭირო, ამიტომ, ამ ღონისძიებაში აქტიურად უნდა ჩაერთონ სოფლის გამგებლები და აქტიური ადამიანები _ ერთად უნდა დავადგინოთ თხილის შეწამვლის დღე. თუ ჩვენ დამოუკიდებლად, სათითაოდ დავიწყებთ ჩვენი ნაკვეთების შეწამვლას, დავადება ამით არ მოისპობა, რადგანაც შეწამლულ ბაღში მეორე დღესვე გადმოვა პარაზიტის ჭუპრები მეზობლის ეზოდან.
პლანტაციის შეწამვლის დროს, ადრე დილით ფუტკრის საფრენები წვრილი ბადით ან დახვრეტილი ხის ფირფიტით ისე უნდა ჩავკეტოთ, რომ ფუტკარი არ გაიგუდოს. თუ საჭიროება მოითხოვს, ფუტკარი დროებით უნდა გავიყვანოთ უხიფათო ადგილზე, შემდეგ კი ისევ, ზუსტად იმავე ადგილზე დავაბრუნოთ _ ერთი მეტრი ცდომილებაც კი დაუშვებელია.
რომან მამალაძე, საქართველოს დამსახურებული მეფუტკრე, ღირსების მედლის კავალერი, ჩოხატაურის მეფუტკრეობის პრეზიდენტი