სახალხო დამცველის ინფორმაციით, ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას, მათი შემოწმების პროცედურა ღირსების შემლახავია.
როგორც ნანუაშვილმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, 2014 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, სასჯელაღრულების #5 დაწესებულებაში ერთ-ერთ პრობლემას ქალი პატიმრების შემოწმების პროცესი წარმოადგენს.
"მიუხედავად იმისა, რომ #5 დაწესებულებაში ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მონიტორინგის დროს არაერთი პრობლემა გამოვლინდა ქალი პატიმრების მიმართ. დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას სრული შემოწმების პროცედურა წარმოადგენს ერთ-ერთ პრობლემას, რომლის დროსაც პატიმრებს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების გაკეთებას სთხოვენ, რაც, რა თქმა უნდა, ღირსების შემლახავ მოპყრობად შეიძლება ჩაითვალოს", _ აღნიშნა ნანუაშვილმა.