ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის" კომისიაში შევიდა საკრებულოს წევრის ელგუჯა ჩხაიძის განცხადება ახალი ფრაქციის შექმნის თაობაზე.
ჩხაიძემ ფრაქციის შექმნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებთან კახაბერ ასკურავასთან და გიორგი გოგუაძესთან ერთად გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ის "თავისუფალი დემოკრატების" რიგებიდან გარიცხეს.
"პარტიისთვის ჩემი გადაწყვეტილება მიუღებელი რომ იქნებოდა, ვიცოდი, მაგრამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შექმნილმა მდგომარეობამ მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება. საკრებულოში თითქმის აღარ არის ოპოზიცია და ასევე ბიუროში რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. იცოდნენ, რომ ფრაქციის შექმნას ვაპირებდი "ნაცმოძრაობის" წევრებთან. ისინი კი არ ეთანხმდებოდნენ ჩემს გადაწყვეტილებას.
საკრებულო აღმოჩნდა მარტო კოალიციის ხელში. ისინი ღებულობენ რაიონის მოსახლეობისთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებს. მუნიციპალიტეტმა 12 თვის ბიუჟეტი გახარჯა 6 თვეში. დასამტკიცებლად შემოაქვთ დამატებით მიმდინარე წლისათვის 800 ათასი ლარი. შემოსავლების ნაწილი კი აბსურდულია. გადავწყვიტე არჩევანი რაიონის სასარგებლოდ გამეკეთებინა და ფრაქცია შემექმნა, რომ ბიუროში ყოფილიყო განსხვავებული აზრი.
ფრაქციის შექმნას ნაციონალებთან ერთად ვიცოდი, რაც მოყვებოდა პარტიის ხელმძვანელებიდან, გავირიცხე პარტიიდან. ბოდიში ყველა "თავისუფალ დემოკრატს", ვისაც გული ვატკინე. გამიგეთ ჩემს რაიონს ასე სჭირდებოდა .შინაგანად "თავისუფალ დემოკრატად" ვრჩები. – განაცხადა სატელეფონო საუბრის დროს ელგუჯა ჩხაიძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა ამბობს: "უბრალოდ არ მესმის "თავისუფალი დემოკრატების“ ეს გადაწყვეტილება. საკრებულო არის ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი პრობლემებით და ადგილობრივი ინტერესებით. თუ ალასანიას პარტია ოპოზიციაა, მაშინ მეორე ოპოზიციურ პარტიასთან რატომ არ უნდა შექმნას ფრაქცია ადგილობრივ-მუნიციპალურ დონეზე, მითუმეტეს, რომ ამას თვითმმართველობის კოდექსიც არ ზღუდავს.
ძალიან დამწყვიტა გული ამ გადაწყვეტილებამ. მე ვერ შევაფასებ „თავისუფალი დემოკრატების“ და თავად ელგუჯა ჩხაიძის ურთიერთობებს ამ საკითხთან მიმართებაში, რადგან არ ვიცი და არც უნდა ვიცოდე.
რაც შეეხება პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, ჩემთვის გაუგებარია რატომ გარიცხეს ელგუჯა ჩხაიძე. მიმაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა და მისი პოლიტიკური ორგანო საკრებულო არის სხვა სპეციფიკის მისი პრობლემებით და მისი ინტერესებით. როცა ამ ინტერესების გასატარებლად იკრიბებიან ერთი მსოფმხედველობის ადამიანები, ეს არ უნდა ავიყვანოთ გლობალურ პოლიტიკურ ჭრილში. ჩვენ ვართ ადგილობრივი თვითმმართველობა და ჩვენი ვალია ყოველდღიური კონტროლი განვახორციელოთ ადგილობრივ როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ პროცესებზე.
ამისთვის ერთადერთი საშუალებაა გვქონდეს ადგილი ბიუროში. იმ შემთხვევში, თუ ჩვენ არ შევქმნიდით ამ ერთობას, ამას უბრალოდ ვერ განვახორცილელებდით.“ – თქვა კახაბერ ასკურავამ.
რატომ არ ხდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალ დემოკრატების" თანამშრომლობა?
ამ კითხვაზე კახაბერ ასკურავა ასე პასუხობს: "მე როგორც მოვისმინე, აქ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არაა აქცენტი. "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკურ ელიტას მიაჩნია, რომ არცერთ პარტიასთან ერთად არაა. მე ასე მოვისმინე და ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ეს ნაბიჯი რამდენად მართებულია, ეს ჩემი საქმე არაა. ეს ირაკლი ალასანიას პარტიის გდასაწყვეტია."
"თავისუფალი დემოკრატები" კოალიცია "ქართულ ოცნებას" 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გამოეყო. რასაც შედეგად გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში ფრაქციების დაშლა მოყვა (მსგავსი ფაქტი საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოხდა).
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი კვერღელიძე პირველი იყო, რომელმაც განცხადა "თავისუფალი დემოკრატებიდან" წასვლის შესახებ. ამის შემდეგ პარტია რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დატოვა. _
მე "თავისუფალი- დემოკრატები" დავტოვე ძალიან მკაფიო მიზეზის გამო. მიმაჩნია,რომ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ნაბიჯი კოალიციიდან გასვლის შესახებ არ იყო სახელმწიფოებრივი და გამომდინარეობდა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან.
ჩემთვის კი როგორც საქართველოს მოქალაქისთვის და საჯარო მოხელისთვის, უპირველესი სახელმწიფოებრივი აზროვნებაა. რაც შეეხება ელგუჯა ჩხაიძის გადაწყვეტილებას. ბატონი ელგუჯა ჩხაიძე იყო პოლიტიკური პარტიის წევრი და თუ მან დაარღვია პარტის დისციპლინა და დაუპირისპირდა აღნიშნული პოლიტიკური ძალის პოზიციას, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიას აქვს სრული უფლება მიიღოს ის გადაწყვეტილება, რასაც ჩათვლის საჭიროდ.
მიიმაჩნია, რომ ბატონ ელგუჯას და "თავისუფალ დემოკრატებს" შორის თუ გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა და პოზიციათა შეუთავსებლობა, უმჯობესი იყო დროულად დაეტოვებინა მას პარტია და საქმე გარიცხვამდე არ მიეყვანა." – გვითხრა დიმიტრი კვერღელიძემ.
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი თემურ სალუქვაძე ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება!
"მას შემდეგ, რაც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" უღალატა თავის პრინციპებს, პარტია "თავისუფალმა დემოკრატებმა" მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა კოალიცია. ვაგრძელებთ ბრძოლას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. ქვეყნის არა სახელმწიფო ინსტიტუტებით, არამედ არაფორმალური მმართველობის ფორმის დამკვიდრება, დეკლარირებული პრინციპებისა და ფასეულობათა უგულვებელყოფა, სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ პოლიტიკური პროცესების კონტროლი და მართვა, მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობა, არაკვალიფიციური საკადრო პოლიტიკა და სხვა უამრავი საკითხი გახდა საფუძველი იმისა, რომ "თავისუფალ დემოკრატებს" დაეტოვებინა კოალიცია.
"თავისუფალმა დემოკრატებმა" არაერთხელ დაუმტკიცა საზოგადოებას, რომ ის არასდროს არ ღალატობს თავის პრინციპებს.
რაც შეეხება ლანჩხუთის ფაქტს, გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად ელგუჯა ჩხაიძეს შეექმნა ფრაქცია, მიიღეს დამოუკიდებლად, ერთპიროვნულად, პარტიიის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად და შესაბამისად პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება ელგუჯა ჩხაიძე გაერიცხა თავისი რიგებიდან. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვუთხრა საზოგადოებას: "თავისუფალი დემოკრატებისათვის" ზნეობრივი კომპრომისი მიუღებელია." განაცხადა თემურ სალუქვაძემ.
მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის _ "სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის" ფარგლებში, ფონდ "ღია საზოგადოება_საქართველოს" მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ "ღია საზოგადოება _ საქართველოს" პოზიციას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი "ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის" _ ქვეყნის ყველა რეგიონში იწყებს მუშაობას. ქსელის მიზანია, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა და თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.