ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური, 24-ე სხდომა მუშაობას აგრძელებს. ღონისძიებების დღის წესრიგის შესაბამისად, დღევანდელი დღე საკომიტეტო მოსმენებს დაეთმო, რომელზეც სხვადსხვა ქვეყნის კანონმდებელმა მოხსენებები მოისმინეს და მასში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
უშიშროებისა და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შვედი დეპუტატის, მარგარეტა სედელფელტის მოხსენება და მასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი განიხილეს.
კომიტეტის წევრებმა 69 ცვლილებაზე იმსჯელეს და მომხრე და მოწინააღმდეგე მხარეების არგუმენტები მოისმინეს. აღნიშნულ მოხსენებაში ქართულმა დელეგაციამ დამატებითი პუნქტის შეტანა მოითხოვა, რომელიც უმრავლესობის მხრიდან იქნა მხარდაჭერილი.
ცვლილება სამშვიდობო პროცესებში ეუთოს როლის გაძლიერებას შეეხებოდა, რომელიც კომიტეტის წევრებს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თედო ჯაფარიძემ გააცნო.
"ქართული დელეგაცია მოხსენებაში ახალი პუნქტის დამატებას ითხოვს, რომელიც ხაზს გაუსვამს საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთოს აქტიურ მონაწილეობის აუცილებლობას, განსაკუთრებით კი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.
გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ჩვენ წინადადებას და გაითვალისწინოთ, რომ 2008 წელს საერთაშორისო საზოგადოება უფრო აქტიური რომ ყოფილიყო, დღეს უკრაინის კრიზისი არ გვექნებოდა და იქ სხვა ვითარება იქნებოდა", – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
საქართველოს დელეგაციის წინადადება კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მიერ იქნა მხარდაჭერილი.