შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი ირაკლი მირუაშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ირაკლი მირუაშვილმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი წესით იჯარით გადაცემაში დახმარებას სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 13 000 ლარი.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.