საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული სულეიმან ოზთურქი დააკავეს. აღნიშნული პირი ანკარის ინტერპოლის მიერ 2015 წლის 11 ივნისიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
სულეიმან ოზთურქი დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 81/1, 35/2 და 62/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. 2009 წლის 24 ივნისს სულეიმან ოზთურქმა მასთან კონფლიქტში მყოფ პიროვნებას, ფიზიკური დაპირისპირებისას, თავის არეში მეტალის საგნით დაზიანება მიაყენა.
საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ სულეიმან ოზთურქს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა და ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს.