შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული ჯოსკუნ უ. ქარელის რაიონის სოფელ რუისთან დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯოსკუნ უ. კუთვნილი ავტომანქანით თურქეთიდან ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს პოლიეთილენის პარკში შეფუთული 3 აბი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,8998 გრ ე.წ. „ექსტაზია“ და ქაღალდში შეფუთული ფხვნილი, რომელიც 2,6436 გრ მეტამფეტამინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.