შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან რიგითი მოქალაქეების მისვლა შეიზღუდა, მაგრამ შეზღუდვა არ ეხებათ სამართალდამცავებს.
ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს იმ ინფორმაციის კომენტარებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან უცხო პირებს არ შეუშვებენ. ეს შეზღუდვები, პირველ რიგში რიგით მოქალაქეებს და განსაკუთრებით იმ ჟურნალისტებს ეხებათ, რომლებიც გარკვეულ ქმედებებს გეგმავდნენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიასთან.
"მიუხედავად იმისა, რომ აქამდე როგორც სპეცდანიშნულების დანაყოფები, ასევე შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია იცავდა პერიმეტრს და მოსახლეობის უსაფრთხოებას, ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო მეტი პრევენციული ზომები, ადგილზე გავაძლიერეთ პატრულირება, მეტი დანაყოფები იქნებიან იმ პერიოდამდე სანამ არ განიმუხტება სიტუაცია", – განაცხადა თალაკვაძემ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ ეტაპზე ვითარება კონტროლირებადია ქართული მხარის მიერ.
"რაც შეეხება შეზღუდვას, დავაზუსტებ, რომ იქ მისვლა შეიზღუდა იმ ადამიანებისთვის, მოქალაქეებისთვის, ჟურნალისტებისთვის, პირველ რიგში ვის უსაფრთხოებაზეც ჩვენ ვზრუნავთ. თუმცა იმ ტერიტორიაზე დაშვება არ შეზღუდულა პოლიციელებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ევალებათ უსაფრთხოება დაიცვან იმ ტერიტორიაზე", – განაცხადა თალაკვაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved