საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა, ხელოვნების უნიკალური ნიმუში "სერგო ქობულაძისეული ოპერის ფარდის ესკიზი" შეიძინა. ძვირფასი ტილო სერგო ქობულაძის ნათესავის, მხატვარ ილია ტატიშვილის ოჯახში ინახებოდა.
საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრის ხანძრის შემდეგ, მხატვარმა ფარდის აღდგენა გადაწყვიტა და მეორე ესკიზის შექმნა დაიწყო, თუმცა ქობულაძემ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა ვერ მოასწრო. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, ესკიზი მისმა დეიდაშვილმა და ასისტენტმა ილია ტატიშვილმა დაასრულა.
ნახატი რეპინისეულ ტილოზე, კვერცხის გულით დამზადებული საღებავებითაა შესრულებული.
საქართვლოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძისა და მინისტრის მოადგილეების აქტიური მხარდაჭერით, "სერგო ქობულაძისეული ოპერის ფარდის ესკიზი" ხელოვნების სასახლეს გადაეცემა და ეროვნული მემკვიდრეობის განუყრელ ნაწილად იქცევა. ხელოვნების სასახლეში სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული ოპერის ფარდის პირველი ესკიზიც ინახება.
დაინტერესებულ პირებსა და მკვლევარებს საშულება ექნებათ სრულად გაეცნონ ოპერის ფარდის შექმნისა და აღდგენის უნიკალურ და სრულ ისტორიას.