დღეს ლანჩხუთის მაჟორიტარი ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი გეგიაძემ ადგილობრივი მედიასაშუალებებისთვის პრესკონფერენცია გამართა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წევრების კახა ასკურავასა და გია გოგუაძის მიერ ბიუროს მისამართით გამოთქმულ ბრალდებაზე ისაუბრა. სტატია აღნიშნულ თემაზე საკმაოდ სკანდალური სათაურით გაზეთ "ჰო და არას" ბოლო ნომერში დაიბეჭდა.
საქმე ისაა, რომ "ნაცმოძრაობის" ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა რამდენიმე ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერეს, რომ ადგილობრივი გაზეთებსა და მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ჩხაიძის ბიუროს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება და ყოველთვიურად ბიუროსგან გაზეთები გარკვეულ დაფინანსებას იღებენ, რის სანაცვლოდაც დეპუტატის მისამართით არ იწერება კრიტიკული წერილები
გოგი გეგიაძე "ნაციონალების" მიერ გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და თვლის რომ მსგავსი განცხადებებით ასკურავამ და გოგუაძემ შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს და პირადად მას, ასევე პრესის წარმომადგენლებსაც.
"შეიძლება ასე უცბად არ გაგვემართა ეს პრესკონფერენცია, მაგრამ გაზეთ "ჰო და არაში" ისეთი სათაურით იყო წერილი გამოქვეყნებული, რომ ამ საკითხით მეც და დეპუტატიც დავინტერესდით. ნამდვილად აბსურდია, თითქოს რომელიმე გაზეთს იმიტომ ვურიცხავთ ფულს, რომ რაიმე კრიტიკული არ დაიწეროს ჩვენი მისამართით. ამაში სიმართლის მარცვალს ვერ ვხედავ. ის ფაქტი, რომ ბატონები გია გოგუაძე და კახა ასკურავა დაინტერესებულები არიან ამ საკითხით გასაგებია, ისინი დეპუტატები არიან, მაგრამ დეპუტატის ბიურო პარლამენტის ორგანოა, ჩვენი ყველა დოკუმენტაცია მიდის პარლამენტის კანცელარიაში, ჩვენ ადგილობრივ ორგანოებთან არანაირი ფინანსური შეხება არ გვაქვს. თანხებს თავად დეპუტატი განკარგავს, ჩვენ ვასრულებთ მის მითითებებს.
არ არსებობს გაზეთი, არც ადგილობრივი და არც რეგიონული, სადაც თემურ ჩხაიძის მისამართით კრიტიკა არ დაბეჭდილიყოს და ამაზე ჩვენი მხრიდან არასდროს პრეტენზია არ გამოთქმულა. მაჩვენეთ, რომელიმე გაზეთში თუ დაწერილა, რომ თემურ ჩხაიძე არის ღირსეული დეპუტატი, კარგი ადამიანი და კარგი საქმეების მკეთებელი. კრიტიკა არის, რამდენიც გინდა. თემურ ჩხაიძე არასდროს ჩარეულა ლანჩხუთის საკადრო პოლიტიკაში, ათას რაღაცეებს აბრალებენ, მაგრამ იტანს ეს კაცი, საკუთარი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე.
ვისაც ექნება სურვილი ნახოს, რა გადარიცხვები გვაქვს პრესასთან დაკავშირებით . როგორც ჩანს ასკურავას უნდა სკამი, მე წავართვი ეს სკამი თუ რა უნდა ჩემთან?! ყველა კვარტლის ანგარიში მაქვს და ნახონ. გამომიყვანა კაცი წყობიდან. ისე გამოდის, აქლემის ქურდი ნემსის ქურდს აბრალებდეს ქურდობას. აქლემი იყო თვითონაც და გია გოგუაძეც და აგოს ახლა პასუხი.
მე სრული უფლება მაქვს სასამართლოს მივმართო და დარწმუნებული ვარ მოვიგებ კიდეც ანგარიშით 10:0-ს. მოკლედ, ყველაფერი ეს აბსურდის თეატრია", _ განაცხადა გეგიაძემ.
სურვილის შემთხვევაში "გურია ნიუსი" მზად არის ამ საკითხთან დაკავშირებით, გია გოგუაძის და კახა ასკურავას პოზიცია გამოაქვეყნოს.