ორშაბათს ფოთში დასრულდა საერთაშორისო ფესტივალი ჭადრაკში, რომელიც ნანა ალექსანდრიას სახელს ატარებს. "ნანა ალექსანდრიას თასი-2015"-მა სტარტი 13 ივლისს აიღო და იგი ერთი კვირის განმავლობაში მასპინძლობდა სხვადასხვა ასაკობრივი და C და B ჯგუფის მოჭადრაკეებს, რომლებიც 20-მდე სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობდნენ ფოთს (C ჯგუფში 1800-ზე ნაკლები საერთაშორისო რეიტინგის მქონე მოჭადრაკეები ასპარეზობდნენ, ხოლო B ჯგუფში 1800-დან 2000-მდე საერთაშორისო რეიტინგის მქონენი).
ტურნირის ორგანიზატორთა მიერ 1-5 ადგილებზე გასულთათვის დაწესებული იყო სხვადასხვა სახის პრიზი, მათ შორის C და B ჯგუფში მონაწილეებზეც.
მოჭადრაკეთათვის მეტად პრესტიჟულ ტურნირზე, ლანჩხუთის სპორტული ცენტრი 15 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ჩვენებურთაგან საპრიზო ადგილზე მხოლოდ C ჯგუფში მოასპარეზე ლიკა იმნაძე გავიდა, რომელმაც მე-5 ადგილი მოიპოვა და შესაბამისად ფულად ჯილდოდ 150 ლარი ერგო. ტურნირზე მიღწეული შედეგების მიხედვით, საპრიზო ადგილთან მიახლოებული იყო კიდევ ორი ლანჩხუთელი გოგონა: მარიამ ჩხაიძე (8 წლიანები) და თეა იმნაძე (12 წლიანები), რომლებიც საბოლოოდ საუკეთესო ათეულში მოხვდნენ, რის გამოც მათმა მწვრთნელმა ადამ ხუხუნაიშვილმა ტურნირის ორგანიზატორებისგან ფულადი ჯილდოც მიიღო.
პრიზის გარეშე დარჩა B ჯგუფში მოასპარეზე ლანჩხუთელი ტარიელ ხუხუნაიშვილიც, რომელსაც მხოლოდ ნახევარი ქულა დააკლდა საპრიზო ადგილის მოსაპოვებლად, თუმცა მიღწეული შედეგით მან შესძლო საერთაშორისო რეიტინგის მნიშვნელოვნად ამაღლება. ასევე ფოთში მიღწეული შედეგებით რეიტინგი გაიუმჯობესა ჩვენებურმა თენგიზ ხუხუნაიშვილმაც. რაც შეეხება გიორგი სულაბერიძეც, ის ფესტივალზე მიღწეული მოკრძალებული შედეგის მიუხედავად (3,5 ქულა) წარდგენილი იყო ლამაზ კომბინაციათა კონკურსში, თუმცა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილებით გიორგი ჯილდოს გარეშე დარჩა.