საბერძნეთმა ორშაბათს კრედიტორებთან დახმარების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა შეხვედრის პარალელურად, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა გაასაჯაროა საიდუმლო გეგმის შესახებ, რომელიც მიზნად ქვეყანაში პარალელური საბანკო სისტემის შექმნას ითვალისწინებს.
CBSNEWS-ის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ყოფილი ფინანსთა მინისტრის ქმედება გააკრიტიკეს და პრემიერ-მინისტრს ალექსის ციპრასს მიმართეს კითხვით, იცოდა თუ არა მან ვარუფაკისის გეგმების შესახებ.
როგორც ცნობილია, იანის ვარუფაკისმა გადადგომამდე ერთი დღით ადრე, ბრიფინგზე განაცხადა,რომ ის თავის ბავშვობის მეგობართან ერთად, რომელიც პროგრამისტია, აპირებდა შეექმნა ინტერნეტბანკის სისტემა, იმ შემთხვევისთვის, თუ საბერძნეთში ბანკები დაიკეტებოდა.
ყოფილი ფინანსთა მინისტრის თქმით, ის გაცილებით ადრე, იანვარში საარჩევნო პერიოდშივე იყო ციპრასის მიერ უფლებამოსილი, წამოეწყო რადიკალური ცვლილებები სისტემაში. ის მიიჩნევს, რომ მისი ქმედება არის სამართლიანი და საზოგადოების კეთილდღეობისთვისაა მიმართული.
მისივე განცხადებით, პარალელური საბანკო სისტემა, რომელიც ალექსის ციპრასმა საბოლოოდ დაბლოკა, ქვეყანას თავისუფლად სუნთქვის საშუალებას მისცემდა.
„ქვეყანაში დომინანტი ვალუტა ევრო იქნებოდა, თუმცა შესაძლებელი იყო, ბერძნული ეროვნული ვალუტის, დრაქმას გამოყენებაც.“_აცხადებს ვარუფაკისი.






































































