პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის შემუშავების პროცესში საქართველო გერმანიის გამოცდილებას გაიზიარებს, – დავალება სამთავრობო კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კომისია დეტალურად შეისწავლის, როგორ მოხდა გერმანიაში და სხვა წამყვან ევროპულ ქვეყნებში სივრცითი მოწყობის გენერალური გეგმის შემუშავება, რის შემდეგაც შეირჩევა კომპანია, რომელიც საქართველოს ანალოგიური სქემის შემუშავებაში კონსულტაციას გაუწევს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროექტია და სივრცითი დაგეგმარება სრულფასოვანი ანალიზის და ევროპული ქვეყნების გამოცდილების შესწავლის შემდეგ უნდა დაიწყოს.
საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის შემუშავების პროცესში კონსულტაციას ამ ეტაპზე აშშ-ის, დანიისა და სინგაპურის მსხვილი კომპანიები სთავაზობენ.