დაახლოებით ორი საათის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და პოლიციის პიკაპი შეეჯახნენ.
მსხვერპლი არ არის, თუმცა დაშავებულია მსუბუქი აბტომობილის მძღოლი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრები ნოდარ ბუცხრიკიძე. მძიმედაა დაზიანებული მისი ავტომობილიც. პოლიციის “პიკაპს“ შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელი გიორგი ჯიჯიეშვილი მართავდა.
დაზარალებულის ოჯახის წევრები “გურია ნიუსთან“ საუბარში პოლიციის მხრიდან შესაძლო მიკერძოებაზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ გამოძიება არ ჩატარდება მოქალაქის სასარგებლოდ.
“ჩვენ ვითხოვდით პოლიციელს ალკოტესტი ჩვენს თვალწინ ჩატარებოდა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ არ იყო ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა ამაზე უარი მივიღეთ. ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ საგამოძიებო სამსახური სამართალდამცავებს გაამტყუნებს. ვშიშობთ, საპატრულო პოლიცია მათ მხარეს დადგება, მათ პოზიციებს დაიჭერს. ასევე მოვითხოვთ ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული კადრების ნახვას, რადგან ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პოლიციელია დამნაშავე და არა ნოდარ ბუცხრიკიძე. ვშიშობთ, ამიტომაც შესაძლებელია ვიდეოკადრები წაშალონ კიდეც სამართალდამცავებმა,“ _ აცხადებენ ნოდარ ბუცხრიკიძის ოჯახის წევრები.
დაზარალებული ნოდარ ბუცხრიკიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გადაყვანილი იქნა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი კობა ცერცვაძე და ასევე საპატრულო პოლიციის გურიის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ფერსაშვილი. ფერსაშვილმა “გურია ნიუსთან“ კომენტარი არ გააკეთა, ხოლო შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა ცერცვაძემ შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:
“პოლიციელი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მოხდა შეჯახება მოქალაქესთან; გამოცხადდა შესაბამისად საპატრულო პოლიცია და ატარებენ შესაბამის მოქმედებებს. ორივე მძღოლს ჩაუტარდა ალკოტესტი. ამ მონაცემებით, არც ერთი მათგანი ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებიან და ორივე ფხიზელია. რაც შეეხება, ვიდეოკადრებს, რომელმაც დააფიქსირა აღნიშნული ფაქტი, მე, როგორც სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გპირდებით, რომ არ მოხდება არანაირი კადრების წაშლა და არ მიიღება უსამართლო გადაწყვეტილება,“ _ აღნიშნა ცერცვაძემ.