რომან აბრამოვიჩი – 10,2 მილიარდი ამერიკული დოლარი
ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი, 4 წლის ასაკში დაობლდა და მას ბიძა და ბებია ზრდიდნენ. მისი ბიზნესკარიერა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაიწყო, როდესაც მან პოლიმერისგან წარმოებული სათამაშოების კოოპერატივი გახსნა. აბრამოვიჩის საუკეთესო თვისებად დღესაც ითვლება ნიჭი იმისა, რომ იგი მუდამ საჭირო დროს და საჭირო ადგილას ჩნდება.
შელდონ ადელსონი – 26,5 მილიარდი ამერიკული დოლარი
უბრალო ბოსტონელი ტაქსის მძღოლის შვილმა, შელდონ ადელსონმა, ბიზნესკარიერა 12 წლის ასაკში გაზეთების გაყიდვით დაიწყო. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს ის საიპოთეკო ბროკერად და ფინანსურ კონსულტანტადაც მუშაობდა. დღესდღეობით კი იგი ამერიკის უმსხვილეს მაგნატად ითვლება, რომლის საკუთრებაშიც ლას-ვეგასის სასტუმროები და კაზინოებია.
კირკ კერკორიანი – 3,3 მილიარდი ამერიკული დოლარი
სომეხი ემიგრანტების შვილმა, კირკ კერკორიანმა, 8 წლის ასაკში მიატოვა სკოლა და კრივით დაინტერესდა. მართალია, სპორტში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი შემდგომი პროფესია თვითმფრინავის პილოტირება გახდა. სწორედ ამ გზით მოხვდა ის პირველად ლას-ვეგასში, სადაც დაგროვილი 60 ათასი დოლარით მცირე ავიაკომპანია „ტრანს ინტერნეიშენალი” დააარსა, რომელიც მოგვიანებით 104 მილიონ დოლარად გაყიდა. კერკორიანი სხვადასხვა დროს ჰოლივუდურ სტუდიებს „იუნაითედ არტისტსა” და „მეტრო გოლდენ მაიერს” ფლობდა. კირკ კერკორიანი მიმდინარე წლის 15 ივნისს გარდაიცვალა.
ჯოან როულინგი – 13 მილიარდი ამერიკული დოლარი
თანამედროვეობის უცნობილესი მწერალი და ყველა ბავშვის სათაყვანებელი წიგნის – „ჰარი პოტერის” ავტორი, ჯოან როულინგი, წლების განმავლობაში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. „პოტერიანას” პირველი წიგნის დაწერის მომენტში როულინგი სახელმწიფოს დახმარებას იღებდა და ამით ცხოვრობდა, მაგრამ, წიგნის პოპულარობამ და მწერლის აღიარებამ პირველი წიგნის გამოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ ჯოან როულინგს მილიონერის სტატუსი მიაკუთვნა.