დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის 12-კილომეტრიანი გზის მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონია შედგა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების გარდა, მიწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.
თავად პრეზენტაციის ადგილად სოფელი გულიანი შეირჩა, საიდანაც დაიწყო აღნიშნული გზის მშენებლობა და წელს 3 კილომეტრი გზის საფარის დაგებაა დაგეგმილი. სამუშაოებს ფირმა „სამკუთხედი“ შეასრულებს, რომელმაც 4 მილიონ 300 ათასად გამოცხადებული პროექტი, ტენდერში 3 მილიონად მოიგო და მიმდინარე წელს 900 ათასი ლარის სამუშაოებს შეასრულებს.
გზის მშენებლობა სამწელნახევარში უნდა დასრულდეს.
აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ადგილობრივ მოსახლეობას მიულოცეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, გურიის მხარის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატებმა _ თემურ ჩხაიძემ და თემურ ჭკუასელმა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ გულიანის მოსახლეობის ნაწილი, ამ პრეზენტაციას საპროტესტო აქციით დახვდა, სადაც ადგილობრივები 2009 წელს აუქციონზე გასხვისებული სასოფლო დანიშნულების კერძო მიწების უკანონოდ გასხვისებას აპროტესტებდნენ.
მხარის გუბერნატორმა, გზის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აქციის მონაწილეებთან გადაინაცვლა და ისინი დააიმედა, რომ აღნიშნულ საქმეს აუცილებლად გამოიძიებდნენ და დამნაშავეები დაისჯებოდნენ.