არაადამიანურ და მძიმე სოციალურ პირობებში, სიღატაკეში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი მიუსაფარი ოჯახი ცხოვრობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში, ხუთ სულიანი ოჯახი ნალიის ქვეშ ცხოვრობს. ოჯახის უფროსი, პენსიონერი გულნარა შევარდნაძე, "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ რამდენიმე წელია ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, თუმცა დღესაც დახმარების დაპირების მოლოდინშია. ხუთ სულიანი ოჯახი, სადაც ერთი მცირეწლოვანია, მართლაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.
"გურია ნიუსი" სოფელ ასკანაში აღნიშნულ ოჯახში მივიდა, სადაც მართლაც უმძიმესი ფონი დაგვხვდა.
უსახურ ქოხმახში, რომელსაც ადრე ნალიად იყენებდნენ, ერთი ოთახია, სადაც დღეს ხუთი სული ღამეს ათევს, საჭმელს აკეთებს და ცხოვრობს.
მათ საცხოვრებელ ფიცრულს ერთი პატარა სარკმელი აქვს. ოთახში ერთი მაგიდა და ერთი ძველი ღუმელი დგას.
"უკიდურესი მდგომარეობა გვაქვს სახლში, არანაირი გასაქანი, არანაირი საცხოვრებელი პირობები ჩვენ არ გაგვაჩნია. 4 წელია გვპირდებიან, რომ გამოგვიყოფდნენ ალტერნატიულ ფართს, მაგრამ არავინ პატრონი არ ჩანს. ახალმა მთავრობამაც დაგვპირდა დახმარება. ახლა გავიგეთ მასალას მივცემთო. ვართ ამ დაპირების მოლოდინში.
აი, აქ ვცხოვრობთ 5 სული, ჩემი ორი შვილი, რძალი და შვილიშვილი. მხოლოდ სოციალური დახმარება გვაქვს"_ ამბობს გულნარა შევარდნაძე.
"სახლი დაგვეწვა 20 წელია და ასეთ პირობებში ვცხოვრობთ. მეუღლეც გარდამეცვალა. რა დღეშიც ვიქნებით, წარმოიდგინეთ! ეს იყო ნალია და შემოვაკედლეთ , შემოვჭედეთ."
შევარდნაძის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ასკანაში ბადრი ჯაველიძემ , მათი საცხოვრებელი პირობების შესახებ ცნობები არასწორად გადააგზავნა, რის გამოც ხელისუფლებამ მათ დახმარებაზე არ იზრუნა.
" გვითხრეს, თბილისში რომ გადააგზავნეს საბუთები, სოფლის გამგებელს ისეთი ცნობა ჰქონდა დაწერილი, რომ არ მიიღესო, რაღაც არასწორად დაუწერია, შეეშალა და ამის გამო შეფერხებულია ჩვენთვის დახმარების გაწევა"- ამბობს გულნარა შევარდნაძე. მისივე თქმით, ზამთარში საშინელ მდგომარებაში არიან:
"წვიმაში სულ თავზე გვაწვიმს. ზამთარში ვიყინებით, რადგან კედლები არ აქვს ამ ქოხს ფაქტიურად, არც ჭერი აქვს. ზაფხულში კი თითქმის ქვეწარმავლებით არის სავსე. აქ რომ წყალი ჩამოვა, ლოგინი წყლით ივსება. მტერს შეეცოდება აქ მცხოვრები, ვინც მისი თვალით არ ნახავს ჩვენს მდგომარეობას, არავინ დაიჯერებს.
თუ რაიმე შესაძლებელია მოგვეხმარეთ! ამას თუ ჰქვია სიცოცხლე, კი ბატონო ვარსებობთ"_ ამბობს ხანდაზმული პენსიონერი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ასკანაში ბადრი ჯაველიძე "გურია ნიუსთან" გულნარა შევარდნაძის ხუთ სულიანი ოჯახის მძიმე სოციალურ და ყოფით პირობებს ადასტურებს:
"კი, ბატონო ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, საცხოვრებელი სახლი არ ჰქვია იმას, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ. დასურათებულია მათი საცხოვრებელი ოთახი, მიწოდებული მაქვს ინფრასტრუქტურის სამსახურისთვის და ველოდებით დახმარებას. უნდა გამოუყონ სხვა საცხოვრებელი ფართი, იმიტომ რომ ის არ შეკეთდება, ახალია საჭირო"_ ამბობს ჯაველიძე.
ჩვენს კითხვაზე, დაწერა თუ არა ჯაველიძემ შეცდომით ცნობები აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით, გამგებლის წარმომადგენელი ამბობს:
"არა რას ამბობთ, არაფერი არ შემშლია. როგორ შეიძლება რაიმე სხვა მიუთითო, იქ მცხოვრებლებზე რაიმე სხვანაირად შეიძლება იფიქრო? ტყუილია, შეიძლება ვინმემ მათ ისეთი ცნობა დაუწეროს, რომ კარგად და ნორმალურ პირობებში ცხოვრობენო? ნამდვილად არ ცხოვრობენ ნორმალურად, პირიქით უკიდურესად გაჭირვებულები არიან"_ ამბობს ჯაველიძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს. მისი თქმით, გულნარა შევარდნაძის ხუთ სულიანი ოჯახი უსახლკარო ოჯახების სიაში იმყოფება. მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ აუცილებლად დაეხმარება და ალტერნატიულ ფართს მალე შესთავაზებს.