ოზურგეთში, "საარჩევნო განვითრების სკოლა 2015"-ის სასწავლო კურსის დასრულების ცერემონიას ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია დაესწრო.
"ერთი, რამ რაც ვიცოდი ყოველთვის, გურულები არიან ყველაზე სწრაფები და მაგრები. ძალიან აქტიური ჯგუფი იყავით, ეს კარგად ჩანდა სურათებითაც, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. არ მინდოდა წავსულიყავი ისე, რომ თქვენთვის სერთიფიკატები არ გადმომეცა და ასევე პირადად მინდოდა თქვენი გაცნობა. მინდა ვთქვა, ეს სკოლა შედგა და თითოეულ თქვენგანს წარმატებებს გისურვებთ." – თქვა თამარ ჟვანიამ.
მისივე თქმით, "საარჩევნო განვითარების სკოლა 2015" ცესკოს ერთ-ერთი პროექტია და ის საქართველოს 10 ქალაქში განხორციელდა.
" სასწავლო კურსის ტრენერები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ, რომლებმაც სპეციალური გადამზადება გაიარეს. მონაწიეელბმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ცოდნა, როგორიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ." – გვითხრა თამარ ჟვანიამ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში "საარჩევნო განვითარების სკოლაში" 50 ახალგაზრდა ჩაერთო. ტრენერებმა ზვიად თენიეშვილმა, ლაშა კილაძემ და მაკა ბოლქვაძემ ჩვენთან საუბრის დროს განაცხადეს, რომ ახალგაზრდები ძალიან დაინტერესებულები არიან საარჩევნო თემატიკით.
ღონისძიების დასასრულს ცნობილი გახდა, რომ სკოლის მონაწილეები თბილისში ცესკოს საქმიანობას გაეცნობიან.
საარჩევნო განვითარების სკოლების საპილოტე პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა და აშშ-ს განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.