დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის" თავმჯდომარემ ელგუჯა ჩხაიძემ ადგილობრივ მედიასთან ბრიფინგი გამართა, რომელიც რამდენიმე თემას მიუძღვნა. თავდაპირველად მან გაზეთ "ლანჩხუთის მოამბეში" გამოქვეყნებულ წერილზე გაამახვილა ყურადღება:
" მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ოკუპაციის შესახებ გამოთქმულ ჩემს მოსაზრებას, რომლის სხვაგვარი ინტერპრეტაცია კვლავაც გრძელდება. მე რაც ვიგულისხმე მაშინ, კარგადაც ეწერა პრესაში, მაგრამ სულ ახლახან გადმომცეს გაზეთ "ლანჩხუთის მოამბის" ბოლო ნომერი, სადაც ჟურნალისტი ლალი ლომაძე წერს – "5 აგვისტოს გამთენიისას, სისხამ დილით ძლივს ნაშოვნი ძილი მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ჩხაიძის ზარმა დამიფრთხო – თქვენს გარდა ყველა ადგილობრივი გაზეთის პოზიციას გავეცანი ლანჩხუთის საკრებულოს "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის" ფრაქციის თავმჯდომარის ელგუჯა ჩხაიძის მიერ საკრებულოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან ამერიკა რუსეთთან ერთად ოკუპანტად მოიხსენია და მაინტერესებს , რატომ არ დაინტერესდა თქვენი გაზეთი ამ თემით?"
ადამიანი გაზეთს რომ ურეკავ და ასეთ რაღაცეებს თხოვ, გარკვეული ვალდებულებები გაკავშირებს მასთან. აბა სხვა რა უნდა იფიქრო, ამით ხომ ძლიერდება ეჭვი, რომ დეპუტატის ბიურო ამ გაზეთს უხდის გარკვეულ თანხას. მე მაინტერესებს, თავად თემურ ჩხაიძე როგორ უყურებს ოკუპაციას, როცა მისი ფრაქცია და პარტია არ აღიარებს რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაციას. მინდა გავიმეორო ჩემი ნათქვამი საკრებულოს სხდომაზე – როცა ჯარი შედის სხვის ტერიტორიაზე დაუპატიჟებლად და იპყრობს მის ტერიტორიას, ეს არის ოკუპაცია. მნიშვნელობა არ აქვს ეს რუსეთი იქნება, ამერიკა, გერმანია თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ის ოკუპანტია.
მინდა წერილის ავტორს და ყველას, ვინც არ იცის განვუცხადო – იაპონიის სამხედრო ავიაციამ ერთ დღეში გაანადგურა ამერიკის საზღვაო ნაწილები. ამის შემდეგ ამერიკამ სათანადო მომზადების შემდგომ დაიპყრო იაპონიის ტერიტორიის ნაწილი და იქ საკუთარი საოკუპაციო სამხედრო წარმომადგენლობაც ყავდა ოფიციალურად, რაც სულაც არ იყო შეურაცმყოფელი ამერიკისთვის. მაინტერესებს, სად დავასახელე კონკრეტულად ამერიკა ოკუპანტად, ან რატომ ინტერესდება ამით თემურ ჩხაიძე, ნუთუ სხვა საქმე არაფერი აქვს?! ლანჩხუთში არ გაუვლია და მის მიმართ წაყენებული პრეტენზიები არ მოუსმენია?!
ისე მინდა ვიცოდე, თუ როგორია მისი პირადი შეხედულება რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით და ხმამაღლა თქვას, აქვს თუ არა აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მხრიდან ტერიტორიების კიდევ მითვისებას ადგილი?
მე ყველა ოკუპაციის დროს იარაღით ხელში ვიბრძოდი. ეს ხალხი კი ვინც ჩემს ნათქვამს ასე გამოეკიდა, საკუთარ ნაჭუჭში იყვნენ ჩაკეტილები და ახლა ამოიდგეს ენა.
რაც შეხება "ლანჩხუთის მოამბეს," კიდევ ერთხელ მიწევს თქმა, რომ ის პირადად ზაზა ურუშაძის გაზეთია, მის მიერ დაფინანსებული და გასაგებია მისი პოზიციაც."
ამის შემდეგ ელგუჯა ჩხაიძემ ჟურნალისტებს გამგეობის შენობაში არსებული "ოდეერის" საკითხით დაინტერესება შემოგვთავაზა.
"არ გაინტერესებთ ამ ბრიფინგს "ნაციონალების" ოფისში რატომ ვმართავ? ოთახი, რომელიც ფრაქციას ეკუთვნის, ჯერ კიდევ არ გამოგვიყვეს. იმდენადაა გადაჭედილი იქაურობა, თავისუფალი ოთახის გამოყოფა ჭირს.
გამგეობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაგული კუნჭულიამ ზედამხედველობის სამსახურის უფროსის კაბინეტის გასაღები პირადად გადასცა ე. წ. „ოდეერს“. ეს კაბინეტი ხშირ შემთხვევაში დაკეტილია, ჩვენს ფრაქციას კი სამუშაო ოთახი არ გააჩნია და იძულებული გავხდი საკრებულოს თავმჯდომარისთვის მოგვეთხოვა სწორედ ის ოთახი, სადაც "ოდეერი" ზის. ან რა წესია ქურდულად შეპარვა? გაუკეთონ წარწერა კაბინეტს ვისიცაა, ეგებ მეც მაქვს იმ "ოდეერისთვის" რაღაც სათქმელი. ის იმისთვის კი არ არსებობს, რომ ჩემი პარტიული საქმიანობა გააკონტროლოს. მას გამგებლისა და მისი თანამშრომლების ფინანსური კონტროლი ევალება. მაგრამ საუბედუროდ, იმით არიან დაინტერესებულნი, თუ ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს და რომელი პარტიის წევრია.
თემურ ჩხაიძეს კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, მართებულია თუ არა მისი აზრით, "ოდეერის" და სპეცსამსახურის თანამშრომლის თვითმართველობის შენობაში ყოფნა , მაშინ როცა, "ქართული ოცნება" სახელმწიფოს სათავეში მოსვლამდე ხმამაღალ განცხადებას აკეთებდა, რომ რეალურ თვითმართველობას შექმნიდა?"
ბრიფინგზე დასმულ საკითხებზე კომენტარი პარლამენტის წევრს, ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ ჩხაიძეს ვთხოვეთ.
"არ მესმის ამ თემის გაგრძელება რა საჭირო იყო. მე ლალი ლომაძეს უბრალოდ ვუთხარი, ფულებს გიხდითო, რომ გვაბრალებენ, რატომ არ დაწერე ამ თემაზე, როცა ყველა გაზეთს უწერია – მეთქი. ეს იყო მხოლოდ და შეკითხვები ელგუჯა ჩხაიძემ, სახლში რომ მივა, იქ დაუსვას ოჯახის წევრებს. ყველამ იცის ჩემი ხასიათი, შუღლის ჩამოგდებას ყველანაირად ვერიდები და არ მინდა ასეთი რამეები. მალე ჩამოვალ და ყველა კითხვას ვუპასუხებ" – გვითხრა დეპუტატმა.