დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და საზოგადოების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს. სპეციალურად ამ დღისთვის ოზურგეთს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ.
ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალიდან დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს.
2008 წლის აგვისტოს ომში ქალაქ ოზურგეთის ორი მკვიდრი _- ზაურ თენიეშვილი და თამაზ ნიკიტინი გმირულად დაიღუპა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯერ ზაურ თენიეშვილის სახელობის ჯვარი, ხოლო ექადიის სასაფლაოზე თამაზ ნიკიტინის საფლავი მოინახულეს და გარდაცვლილ მეომრებს პატივი მიაგეს.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან დაღუპულთა ოჯახებს 300-300 ლარი გადაეცათ, აქედან 200 ლარი ქალაქის მერმა სარეზერვო ფონდიდან გამოყო. გმირულად დაღუპულთა ოჯახებმა ქალაქის მერიისგან, ასევე, ფასიანი საჩუქრები მიიღეს.