საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობაში დღეს საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავა, ხოლო ეკონომიკისადა მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახდა. რაც შეეხება ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, თამარ ბერუჩაშვილს, თუ სად გააგრძელებს ის მუშაობას, პრემიერ-მინისტრის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის გადასაწყვეტია.
ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ განხორციელებული ცვლილებები ქვეყანას მეტ წარმატებას მოუტანს, როგორც საგარეო მიმართულებით, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის გაძლიერების კუთხითაც. თუმცა, პოლიტიკის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ცვლილებები გუნდში ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც საარჩევნო წელს მთავრობისთვის ეფექტიანობის მომტანი იქნება.
"გურია ნიუსთან" საუბრისას პოლიტიკის ექსპერტმა, ვაჟა ბერიძემ აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებები გუნდის შიგნით პოზიციების გადანაწილებაზე მეტყველებს.
"ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში ბუნებრივი პროცესია. საქართველოს ყველა მთავრობა ასეთ ცვლილებებს თავის დროზე ახორციელებდა, ახლაც მიმდინარეობს ეს ცვლილებები. მთავრობა შინაარსობრივად იმ შემთხვევაში შეიცვლება, როდესაც საკვანძო ფიგურები შეიცვლებიან. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ,რომ საქმე გვაქვს გუნდის შიგნით პოზიციების გადანაწილებასთან, რომლის მიზანია უფრო მეტი ეფექტურობა საარჩევნო წელს," _ აცხადებს ბერიძე.
მისივე თქმით, განხორციელებული ცვლილებები ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბების წინაპირობაა.
"ვფიქრობ, რომ მთავრობა უფრო დაბალანსდება. ქუმსიშვილიც და კვირიკაშვილიც არიან გუნდის წევრები და პროდასავლური შეხედულების მქონე პიროვნებები. მათი ჩანაცვლება-გადანაცვლება უფრო ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბების წინაპირობა მგონია," _ ამბობს ბერიძე.
კითხვაზე – საკმარისი იყო თუ არა ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ცვლილება და ხომ არ ხედავს ფინანსთან მინისტრის ცვლილების საჭიროებასაც, ბერიძე გვპასუხობს:
"ცვლილებების განხორციელება მთავრობის მეთაურის პრეროგატივაა. ღარიბაშვილი, ამ ეტაპზე, არ მიიჩნევს ხადურის შეცვლას საჭიროდ და, როგორც ჩანს, ფინანსთა მინისტრი მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს თავს ართმევს. ლარის კურსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ფინანსთა მინისტრს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ ხადურის შეცვლის მოთხოვნა ლოგიკური არ მგონია, "_ ამბობს ვაჟა ბერიძე.
პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას "უნიკალურ ნაბიჯად" აფასებს პოლიტიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.
"პრემიერ-მინისტრმა უნიკალური ნაბიჯი გადადგა – ეკონომიკური გუნდი და საგარეო საქმეთა სამინისტრო გააერთიანა. მსგავსი რამ არ მსმენია, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკა საერთაშორისო ურთიერთობებში წამყვანია,"_ ამბობს სოსო ცისკარიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, ყოფილ და ახლანდელ საგარეო საქმეთა მინისტრებს საერთო საქმის კეთება არ გაუჭირდებათ.
" დაახლოებით, 20 წელია, რაც ბერუჩაშვილსა და კვირიკაშვილს ვიცნობ, ისინი განათლებული, ინტელიგენტი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები არიან. მათ არ გაუჭირდებათ ერთობლივი საქმიანობა, თუ მოადგილეების არჩევის უფლებას ბატონი კვირიკაშვილი დაიტოვებს. ეკონომიკური დიპლომატია მეოცე საუკუნის ბოლოსკენ ჩამოყალიბდა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი და საქართველოში ერთ-ერთი მერცხალი დიპლომატიური ურთიერთობების დანერგვისა ქალბატონი ბერუჩაშვილი გახლდათ. ამიტომ, სიახლე ამ შემთხვევაში ნამდვილად მეორე რიგში აღიქმება, ჩვენ უფრო მომხდარს სახელისუფლებო კარუსელს ვადარებთ. "ნაციონალური მოძრაობა" ამ დარგში წამყვანი იყო, ვგულისხმობ მინისტრების კარუსელს. ყოველგვარი გადაჯგუფების გარეშე მომხდარიყო იმის გარშემო გაერთიანება, რაც პრემიერ-მინისტრმა მიზნად დაისახა, "_ამბობს ცისკარიშვილი.
მისივე თქმით, არც ყოფილმა და არც ახლანდელმა პრემიერ-მინისტრებმა ტერმინი ვიცე-პრემიერის მნიშვნელობა არ იციან.
"არც ყოფილ პრემიერ-მინისტრს და არც ახლანდელს, არ გაუცნობიერებიათ ტერმინი ვიცე-პრემიერის მნიშვნელობა. არცერთ ვიცე-პრემიერს უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, ისევე როგორც წინა ხელისუფლების პერიოდში არცერთი მთავრობის სხდომა არ ჩაუტარებიათ, რაც ნიშნავს, რომ შიში მეორე პირისა მთავრობაში ახასიათებდათ როგორც ივანიშვილს, ასევე ღარიბაშვილს. მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ შვიდი ვიცე-პრემიერი დანიშნონ, მაგრამ თუ ფუნქციას არ შეასრულებინებენ მივიღებთ უაზრო ლოდინის რეჟიმს თითოეულ სამინისტროში. ამჟამადაც შემიძლია ვივარაუდო, რომ კვირიკაშვილს, როგორც ვიცე-პრემიერს, საკუთარი საქმის მართვის გარდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მართვაც დაევალა. არ მახსოვს რომელიმე მინისტრი შეეცვალა ამ ხელისუფლებას და მის მიმართ ირიბად მაინც საყვედური ეთქვა,"_ ამბობს ცისკარიშვილი.
რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის ცვლილების საკითხს, ცისკარიშვილი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის ამ მდგომარეობამდე მიყვანა მხოლოდ ხადურის ბრალი არ არის და მას "კომპლექსური დაავადება სჭირს, რასაც მარტო ერთი მინისტრი ვერ შეყრიდა".
"ხადურმა, "ნაციონალური მოძრაობის" გათვლით, წარმოუდგენელი დარღვევა ჩაიდინა, უნიათო იმდენჯერ უძახეს, რომ იძულებული გახდა ეროვნული ვალუტის რღვევა ჩინეთში, აზერბაიჯანშიც განეხორციელებინა. აი, როგორი უნიათო ყოფილა ხადური… ვისაც მიაჩნია, რომ ხადურის ბრალია რაც ხდება ლართან დაკავშირებით, ის ძალიან მარტიავად ხდება დეზინფორმაციის ქვეშ და მერწმუნეთ ვერცერთი მინისტრი ვერ დაატრიალებს ორომტრიალს ეროვნული ვალუტის მიმართ. ეროვნული ვალუტის დაავადება კომპლექსური დაავადებაა და მისი მკურნალობის გზებიც ცნობილია," _ ამბობს სოსო ცისკარიშვილი და დასძენს, რომ ხადურის გადაყენება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებდა.
ცნობისთვის, 2015 წლის განმავლობაში, მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა.
კერძოდ, 2015 წლის 26 იანვარს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გახდა მან, ალექსანდრე ჭიკაიძე ჩაანაცვლა. ამავე წლის 21 აპრილს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გახდა, რომელმაც გიორგი შავლიაშვილი შეცვალა.
9 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გახდა. მან ლევან ყიფიანი ჩაანაცვლა. ამავე დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გახდა გიგლა აგულაშვილი, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტი თინა ხიდაშელმა დაიკავა.
20 ივლისს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე გადაიყვანეს, 1 აგვისტოს განხორციელებული ცვლილებებით კი, შს მინისტრად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დაინიშნა. მღებრიშვილის ადგილი კი, მისმა მოადგილემ კახი კახიშვილმა დაიკავა.