თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის ლაშა აბაშიძის განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ დაწყებული პროექტებისა და რეფორმების წარმატებით დასრულება იქნება.
ამასთან, მისივე თქმით, ის მთავარ აქცენტს გააკეთებს იმ ახალი პროექტების და იდეების განხორციელების მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის განვითარებას.
შეგახსენებთ, რომ ვიცე-მერის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის კანდიდატურა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს წარადგინა.
როგორც ნარმანიამ დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ლაშა აბაშიძეს როგორც საჯარო, ისე კერძო და საერთაშორისო სექტორში მმართველ პოზიციებზე მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს.
დავით ნარმანიას განცხადებით, ვაკის რაიონში მისი გამგებლად მუშაობის დროს მრავალი საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
"როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქია. იმ ურთულეს პერიოდში ლაშა დედაქალაქის სამთავრობო გუნდთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში აკეთებდა ყველაფერს და ჩვენ შევძელით, ჩვენი მოქალაქეებისთვის სათანადო მხარდაჭერა აღმოგვეჩინა. ბატონი ლაშა ახლაც აქტიურად არის ჩართული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პროცესებში, უშუალოდ მუშაობს თითოეულ ოჯახთან და უკვე ვიცე-მერის რანგში, იგი ამ პროცესს აუცილებლად წარმატებით დაასრულებს", _ განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა დიმიტრი ქუმსიშვილს გაწეული საქმიანობისთვის და ახალ თანამდებობაზე მას წარმატება უსურვა.
დავით ნარმანიას თქმით, ლაშა აბაშიძის კანდიდატურა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარედგინება და დამტკიცებისთანავე ის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
"მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს, რომელმაც ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობისას ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ჩაუყარა საფუძველი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბატონ ლაშასთან ერთად, ჩვენი დედაქალაქის განვითარებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ, ყველა ამ და სხვა თბილისისთვის უმნიშვნელოვანეს ახალ პროექტს განვახოციელებთ", _ განაცხადა დავით ნარმანიამ.