მათ, ვინც სკეპტიკურად უყურებს უცხოპლანეტელების სტუმრობას ჩვენს პლანეტაზე, ცოტა ხნის წინ ახალი გამოწვევა მიიღეს.
რამდენიმე დღის წინ გამოცემამ "USA Today" საინტერესო ცნობა გაავრცელა.
კოლორადოს შტატში, ქალაქ დენვერთან ახლოს მცხოვრებმა ვიდეომოყვარულმა "FOX“"ის რედაქციაში ვიდეოჩანაწერი მიიტანა, რომელზეც დაფიქსირებულია სწრაფად მოძრავი ობიექტი.
მსგავსი კლიპებით სავსეა ინტერნეტი, თუმცა, ჟურნალისტები ამ საქმით იმის გამო დაინტერესდნენ, რომ ვიდეომასალის წარმომდგენი ამტკიცებდა – ასეთი კადრები ვიდეოკამერაზე კვირაში ორჯერ მაინც აღიბეჭდებაო და, გადაწყვიტეს, თავად შეემოწმებინათ.
ვიდეომოყვარულის მითითებულ ადგილზე დაამონტაჟეს კამერა და… გაოცებული დარჩნენ, როდესაც ჩანაწერში იგივე იხილეს. ჟურნალისტებმა სამოქალაქო და სამხედრო საავიაციო სამსახურებს მიაკითხეს, მაგრამ, მათ უარყვეს რაიმე უცხო სხეულის საჰაერო სივრცეში შემოჭრა.
რამდენიმე დღეა, ოკეანისგაღმელები ცდილობენ, გაერკვნენ ამ უცნაურ მოვლენაში: ზოგის აზრით, ვიდეოფირზე საიდუმლო სამხედრო სიახლე, ან, სულაც, უპილოტო თვითმფრინავი იყო დაფიქსირებული, რაზეც მთავრობას არ სურს საუბარი. ექსპერტმა, რობერტ შიფერმა კი განაცხადა, რომ ვიდეოზე აღნიშნული ობიექტი კამერასთან ძალიან ახლოს ჩაფრენილი უბრალო მწერია – მწვანე ჩოქელა… სხვათა შორის, სწორედ ამ თეორიას ეთანხმებიან ადგილობრივი მცხოვრებლებიც.