"ქართული ოცნება" პარტიის გაძლიერების კუთხით, აქტიურ მუშაობას იწყებს.
პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს, მოადგილეს სოსო ერქომაიშვილს, გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის გამგებლებს, მერს და საკრებულოს თავმჯდომარეებს, ასევე პარტიის აქტივისტებს შეხვდა.
შეხვედრა, დღეს ოზურგეთში რესტორან "თამარიონში" შედგა. ის ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.
შეხვედრის დასასრულს პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "გურია ნიუსთან" შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა:"
"ჩვენ გვქონდა შეხვედრა პარტიულ აქტივთან. ეს იყო ჩვენი შიდაპარტიული შეხვედრა, გვქონდა ძალიან გულახდილი საუბრები, მოვისმინეთ აქტივის მოსაზრებები სამივე მუნიციპალიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და გავაცანით მათ ჩვენი პარტიული გეგმები. დაწყებული გვაქვს ინტენსიური მუშაობა პარტიის გაძლიერების კუთხით. პირველ რიგში ცენტრალური ოფისის რეორგანიზაცია განვახორციელეთ. ახლა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა არის ის, რომ გავაძლიეროთ 73 საოლქო ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებებით" – ამბობს კობახიძე და რაიონებში პარტიის ოფისი გადახალისებასთან დაკავშირებით აღნიშნავს:
"გვაქვს კონკრეტული გეგმა დასახული ამ მიზნით და სწორედ ამ გეგმის გაცნობა მოხდა დღეს აქტივისთვის, გვქონდა საინტერესო დისკუსია, პირველ რიგში ჩამოყალიბდება რამდენიმე კაციანი მენეჯმენტის ბირთვი, რომელიც გაუძღვება პოლიტიკურ საქმიანობას. რაც შეეხება კონფერენციებს, დაიწყება ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან."
ირაკლი კობახიძის თქმით, რაიონებში პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს ცვლილებები შესაძლოა არ შეეხოთ:
"თავმჯდომარეების ცვლილებებს არ ველოდებით, თუმცა გადაწყვეტილებას კონფერენციაზე მიიღებენ. კანდიდატურები სავარაუდოდ არ შეიცვლებიან, აღმასრულებელი მდივანიც საპასუხისმგებლო კანდიდატურაა და ჩვენ უკვე გვქონდა პროცესი კანდიდატურების შესარჩევად, ჩავატარეთ ასობით გასაუბრება, იმისათვის რომ საუკეთსო კანდიდატურები შერჩეულიყო, მალე გვექნება საბოლოოს სია ამ კანდიდატურების"–განაცხადა ირაკლი კობახიძემ.