სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების უწყება უპირველესად საზოგადოების წინაშეა პასუხისმგებელი. აღნიშნული განცხადება მან დღეს, სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
"დღეს ჩვენ ვაბარებთ პატაკს საზოგადოებას. ყველაფერი სწორედ მათთვის კეთდება. ის, ცვლილებები, რომელიც 2012 წლიდან უწყებაში გატარდა, საზოგადოებამ დააფასა და არა მხოლოდ ქართულმა. საერთაშორისო თანამეგობრობაც საუბრობს, რომ სერიოზული პოზიტიური ნაბიჯია გადადგმული პენიტენციურ სისტემაში, პრობაციაში და მთლიანად სამინისტროში," – განაცხადა კახა კახიშვილმა.
მინისტრმა პენიტენციური სისტემის თანამშრომლების დამსახურებაზე და მათ სოციალურ უზრუნველყოფაზეც ისაუბრა. "გათანაბრდა წოდებები, საპენსიო ზღვარი – ეს არის პირველი ნაბიჯები იმისთვის, რომ თითოეულმა მათგანმა სახელმწიფოს და ხელისუფლების მხარდაჭერა იგრძნოს," – განაცხადა მან.
კახიშვილის თქმით, უწყების მთავარი ამოცანაა, რომ კანონის აღსრულებას ღირსების დაუკარგავად ემსახუროს.
ღონისძიების დასასრულს მინისტრმა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლები სხვადასხვა ფორმით დააჯილდოვა.
(R)