სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში განსხვავებული მოსაზრებები ფიქსირდება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც წინასწარი პატიმრობის ვადა 9-თვეზე მეტი ხნით არ შეიძლება გახანგრძლივდეს, თუნდაც ბრალდებულს ახალი ბრალი წაუყენონ, ერთი ნაწილი უპრეცენდენტო გადაწყვეტილებად, მეორე კი, "უკიდურესად არასასურველი მოვლენად" აფასებს.
ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე "გურია ნიუსი" საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს ესაუბრა:
_ბატონო ზაზა, როგორ შეაფასებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით?
_ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკრეტულად უგულავას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ნუ დავარქმევთ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს ისტორიაში საფუძველი დაუდო ადამიანების დევნის, წამების, დაცინვის, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, განაჩენის გამოტანის გარეშე, მათი წინასწარ პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივების დასრულებას. უგულავას არ ვიცნობ, თუმცა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენც სამარცხვინოდ გვექცეოდა, მაგრამ მის მიმართ კანონი დაირღვა და შეგნებულად დაუშვა კანონდარღვევა ხელისუფლებამ. ამ 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების საშუალებას კი მას კანონი აძლევდა. სააკაშვილის დროინდელი ბოროტება გახდა ამ ხელისუფლებისთვისაც მისაღები. ყველა ხელისუფლება მიდრეკილი იყო ჰყოლოდა ციხეში პატიმრები განაჩენის გარეშე. ასეთი რამდენიმე პირია, რომელთა მიმართაც განაჩენი არ იყო გამოტანილი და წინასწარ პატიმრობაში აყურყუტებდნენ 9 თვეზე მეტი ხნით. აქამდე კანონში ორაზროვანი განმარტება იდო. ახალი ბრალის წაყენების შემთხვევაში ბრალდებულს თავიდან ეწყებოდა 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ათვლა. რასაც იყენებდა როგორც წინა, ასევე ეს ხელისუფლებაც. იგივე გააკეთა ახალი ხელისუფლების პირობებშიც პროკურატურამ, რასაც წინა ხელისუფლების დროს აკეთებდნენ.
_იყო თუ არა ეს ქვეყნის განვითარებისთვის ხელშემშლელი ფაქტორი?
_ რა თქმა უნდა, ეს საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ხელშემშლელი პირობა იყო. როგორ შეიძლება საკონსტიტუციოს ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკო, რომელიც საქართველოს განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. ეს გადაწყვეტილება ვინც მიიღო, ის ხალხი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წესიერი გადაწყვეტილების მიმღებ პირებად შევლენ. მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ხელისუფლება რომ მობრუნდეს ისევ, ისინიც კი ვერ გააჩერებენ პირს პატიმრობაში 9 თვის გასვლის შემდეგ. ეს რომ ნორმალურ ქვეყანაში მიეღოთ, ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა და იზეიმებდა, რადგან დამთავრდა ადამიანების წამება. ის უნდა შეფასდეს ქვეყნისთვის, თითოეული ადამიანისთვის სასარგებლო და არა რომელიმე კონკრეტული პირის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებად.
_ ხელისუფლების მომხრეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა სწორი გადაწყვეტილება არ მიიღეს. პარლამენტის თავმჯდომარემ კი, "უკიდურესად არასასურველი მოვლენად" შეაფასა მერაბ ტურავას საქციელი…
_ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ მათ ქვეყანა მომავალში გადაარჩინეს სააკაშვილის, ივანიშვილის, შევარდნაძის მსგავსი ხელისუფლებების მხრიდან ადამიანების ჩაგვრას. ეს არის ადვოკატის და ასოციაციის გამარჯვება, რადგან ადვოკატმა გაათავისუფლა საქართველო 9 თვეზე მეტი ხნით წინასწარი პატიმრობის გამოყენებისგან. ბექა ბასილაიაა პირველი ადვოკატი, რომელმაც გაბედა და ეს სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. მან რევოლუციური გადაწყვეტილება მიაღებინა სასამართლოს. აქამდე რატომ არავინ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, ძალიან მიკვირს.
_რაც შეეხება მოსამართლე მერაბ ტურავას ქმედებას?
_მოსამართლე ტურავას ქმედების შეფასება არ შეიძლება… რასაც კუბლაშვილი აკეთებდა, იგივე გააკეთა. ძალიან მწყინს, რომ დიდი ხნის მეგობარზე მსგავსი კომენტარის გაკეთება მიწევს. გუშინ ტურავა ჩემი მეგობრების სიიდან ამოვშალე. თუ მას არ მოსწონდა სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება, შეეძლო თავისი დამოკიდებულება და აზრი თავისუფლად გამოეხატა.
როდესაც საქმე ეხება ქვეყნის განვითარებას, ფეოდალური წეს-ჩვეულების დამთავრებას, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიდეს ეს გადაწყვეტილება. ის ხომ მთელი საქართველოს მოსამართლეა, ეს ხომ ისტორიული მომენტია, რომელზეც ხელმოწერა ადამიანის ღირსება იქნებოდა. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში ყველანი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებაზე ვართ გადართულები, თუმცა მხედველობიდან გამოგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ 40 გვერდიანი გადაწვეტილების გაცნობის უფლება ტურავას ჰქონდაო… საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ქვეყნის მმართველი გუნდის წარმომადგენელმა საიდან იცოდა რამდენ გვერდიანი იყო საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება? ეს არ არის პირველი შემთხვევა. ე.წ.კაბელების საქმე გავიხსენოთ თუნდაც, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ედო. როცა სისხლის სამართლის საქმე ადვოკატებს დაუმალეს, საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ მან ნახა ეს საქმე და არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსო. საგანგაშო ის არის, ხელისუფლების პირველმა პირებმა საიდან იციან სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე? ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ქმედება.
_ანუ ხელისუფლებამ წინასწარ იცოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მითებული გადაწყვეტილების შინაარსი?
_ ჩემი აზრით, სავარაუდოდ, არსებობდა ბატონ ტურავასა და ხელისუფლებას შორის რაღაც კავშირი. ეს აშკარად იკვეთება.
_ ასეთ ვითარებაში, როგორც ფიქრობთ, უნდა გაუგრძელდეს თუ არა მერაბ ტურავას სამოსამართლო უფლებამოსილება?
_ ეს არ არის ისეთი შემთხვევა, რომ დღის წესრიგში დადგეს ეს საკითხი. ბატონი ტურავა ჭკვიანი კაცია. ის არ დაუშვებს ისეთი რამის ჩადენას, რომ მის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო. ის ნამდვილად იმყოფებოდა საავადმყოფოში, რაც არის საპატიო მიზეზი…
_თუმცა მან განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობას გადაწყვეტილების ხელმოწერაზე არ უმოქმედია და წაკითხული რომ ჰქონოდა შეეძლო ხელი მოეწერა…
_ მან წინასწარ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. ამიტომ ვფიქრობ, მისი რეალური დევნის საფუძველიც არ იქნება. ის რომ არ ყოფილიყო საავადმყოფოში მაშინ შეიძლებოდა კიდევ გვეფიქრა ამაზე. ტურავამ გააკეთა ის, რაც ჩემთვის, როგორც იურისტისთვის მიუღებელია. ჩემი შეფასებით, მერაბ ტურავაც ისე მოიქცა, როგორც რეჟიმის მსახური მოსამართლეები იქცეოდნენ სააკაშვილის დროს. ეს რომ კუბლაშვილს ან რომელიმე სხვა ადამიანს გაეკეთებინა, არ მეწყინებოდა, მაგრამ უნიჭიერესი იურისტისგან და კარგი მეცნიერისგან მეწყინა, რომლის რეპუტაციაც ჩემთვის ნულამდე დავიდა და ამას ვერ აღიდგენს. სამაგიეროდ, ხელისუფლების ტაშისმკვრელებში მისი რეპუტაცია მაღლა ავიდა.






































































