8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარს უმასპინძლებს, ხოლო 11-ში გერმანიას ესტუმრება. ამით ჩვენთვის დამთავრდება კიდეც მორიგი შესარჩევი ციკლი. გერმანია-საქართველო ქალაქ ლაიპციგში, „რედ ბულ არენაზე“ გაიმართება, რომელიც 42 959 მაყურებელს იტევს.
ლაიპციგის სტადიონი 2004 წელს აშენდა 2006 წლის მუნდიალისთვის. მაშინ, მსოფლიო ჩემპიონატზე ლაიპციგმა ხუთ მატჩს უმასპინძლა. გერმანიის ნაკრებს ამ სტადიონზე ოთხი შეხვედრა ჩაუტარებია და ოთხივე მოუგია. ბოლოს ისრაელს სძლია ამხანაგურში – 2012 წელს 2:0.
გერმანული საიტების ცნობით, საქართველოსთან მატჩისთვის 35 000 ბილეთი უკვე გაყიდულია. გერმანიაში მაყურებელთა დასწრება ისედაც ძალიან მაღალია და მით უმეტეს, ლაიპციგი, რომლის გუნდიც მეორე ბუნდესლიგაშია, საერთაშორისო მატჩებს მონატრებულია.
საიტზე აღნიშნულია, რომ შესაძლოა, გერმანიამ სწორედ საქართველოსთან მატჩის შემდეგ გაინაღდოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ითვალისწინებენ, რომ ირლანდიასთან 8 ოქტომბერს მარცხის შემთხვევაში, ოფიციალურად გასულები ჯერ ვერ იქნებიან.
გერმანიასთან სტუმრად აქამდე ორჯერ გვითამაშია. პირველად 1995 წელს ნიურნბერგში შესარჩევში 1:4 დავმარცხდით, მეორედ კი 2006 წელს როსტოკში ამხანაგური მატჩი 0:2 წავაგეთ.