ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი კოვზანაძე აირჩიეს. საბჭოს წევრების შეხვედრა პარლამენტში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ახალი საბჭო პარლამენტს სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატს წარუდგენს. სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატად კოტე სულამანიძეა წარდგენილი.
ირაკლი კოვზანაძე 1962 წლის 29 ივნისს დაიბადა, პროფესიით ეკონომისტია. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის გამგე. იგი მათემატიკასა და ეკონომიკაში 50-ზე მეტი შრომის და რამდენიმე მონოგრაფია-წიგნის ავტორი. მისი ერთ-ერთი წიგნი "სისტემური და მოსაზღვრე საბანკო კრიზისები: გაკვეთილები მომავალი პრევენციისათვის" ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბეჭდა.
ირაკლი კოვზანაძე 2004-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2007-2009 წლებში გახლდათ ევრობანკის (EBRD) და ევროპის ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (OERD) ერთობლივი კომისიის თავმჯდომარე საბანკო კორპორატიული მართვის საკითხებში ევრაზიის ქვეყნებში. იყო რამდენიმე წამყვანი საბანკო და საფინანსო ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნამდე კი, მას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ეჭირა.