ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ნატო-საქართველოს ურთიერთობას მიესალმებიან. აღნიშნული ინფორმაცია ნატო-ს ვებგვერდზე ვრცელდება.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, საქართველოში რეფორმების პროგრესი სწორად მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული განცხადება, მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, თინა ხიდაშელთან, თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.
"საქართველო არის ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი და ჩვენ თანდათან კიდევ უფრო დავახლოვდებით," _ განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-საქართველოს შეხვედრაზე კომისიები მიესალმნენ ნატო-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა შეთანხმება, რომლის შესახებაც მხარეები ერთი წლის წინ შეთანხმდნენ ახლა რეალობად იქცა.
"ჩვენ გავდივართ პოლიტიკურ კონსულტაციებს და პრაქტიკულად ვთანამშრომლობთ," _ განაცხადა მან.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ივნისში ნატო-სა და საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი წვრთნა გაიარეს, ხოლო აგვისტოში, თბილისში ერთობლივი სწავლებისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა უმნიშვნელოვანეს სფეროებში მიღწეული პროგრესის და რეფორმების გაგრძელება, მათ შორის კანონის უზენაესობა.
მან ასევე მოუწოდა რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.
გარდა ამისა, ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე ნატო-ს გრძელვადიანი პოლიტიკური, სამხედრო და ინსტიტუციური ადაპტაცია განიხილეს.