" მაქსიმალურად გადავდეთ ჩვენი კომენტარი იმ არაჯანსაღ ეიფორიაზე , რაც ეს ბოლო დღეები ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ პოლიტიკური პარტიის მიერ იქნა ატეხილი გაზპრომთან გამართული სამუშაო შეხვედრის გამო. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წლებია არსებობს კომუნიკაცია და ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან და ეს პირველ რიგში მათ იციან ვინც ეხლა ყველაზე ხმამაღლა ყვირის" _ ამ სიტყვებით დაიწყო სპეციალური ბრიფინგი ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, გაზპრომთან დღეს მოქმედ ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი და მას შემდეგ 21 დამატება იქნა გაფორმებული ვადის გაგრძელებისა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დარეგულირების მიზნით.
" გაზპრომთან არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური შეხვედრები იმართებოდა ეხლაც, სააკაშვილის რეჟიმის დროსაც და მანამდეც… გარდა ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზისა, ომის შემდგომაც კი ხდებოდა დამატებითი მოცულობების მიღება რუსეთიდან, მაგრამ რატომღაც ამ ფაქტებს ივიწყებენ.
არსებობს პოლიტიკური მორალის რაღაც ზღვარი, რომელსაც თუნდაც ყველაზე მარგინალმა, ბანკროტმა პოლიტიკოსმა თუ პარტიამ არ უნდა გადააბიჯოს. გასაგებია, მოდის არჩევნების წელი და მავანი ყველაფერზეა წამსვლელი, რათა თავი შეახსენოს მოსახლეობას.
დღეს რატომღაც ექსპერტების ნაწილი არ იხსენებს გაზპრომთან და მილსადენთან დაკავშირებულ ძალიან საინტერესო მოვლენებს. მე შეგახსენებთ 2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლება მართავდა აქტიურ მოლაპარაკებებს გაზპროპმთან ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით და რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა , ჩვენი მეგობარი ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები, მე დარწმუნებული ვარ რომ მილსადენი იქნებოდა გაყიდული.
მაშინ აშშ-ს მთავრობამ გარკვეული თანხები გამოყო ამ მილსადენის სარეაბილიტაციოდ და ხელშეკრულებაში კონკრეტულად იქნა ჩაწერილი , რომ საქართველოს მთავრობას ეკრძალება ამ მილსადენის გასხვისება.
მაშინ, სააკაშვილს და მის გარემოცვას რომ თავისი ჩანაფიქრი განეხორციელებინათ, დღეს ჩვენ პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტის გარეშე ვიდგებოდით რუსეთის წინაშე და რეგიონში აუთსაიდერის როლით დავკმაყოფილდებოდით, _ აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.
კახი კალაძემ ბრიფინგზე დოკუმენტები წარადგინა და ყველას მოუწოდა, რომ "თავისი სახელი დავარქვათ ყველაფერს".
_ ბოლო წლებში კი არა უკვე ბოლო თვეების დინამიკაში იცვლება რეგიონში მოვლენები, საქართველოს დომინანტი როლი, მომგებიანი გეოპოლიტიკური განლაგება და სამომავლო პერსპექტივები ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია. ჩვენ ყველამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ , რომ ადამიანებს ჰქონდეთ განცდა – ისინი ცხოვრობენ პერსპექტიულ, განვითარების გზაზე მყოფ ქვეყანაში, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებში და პოლიტიკის წარმოებაში თავისი არცთუ უმნიშვნელო და ზოგ საკითხებში საკვანძო ადგილი აქვს.
საქართველოს აქვს წონა და დანიშნულება მტრისთვისაც და მოყვარისთვისაც და ამას გონივრულად უნდა მივუდგეთ. ამჯერად მაინც უნდა უარი ვთქვათ პოპულიზმზე, პარტიულ და პირად ანგარებაზე და შევხედოთ ქვეყნის მომავალს. ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და მისი ინტერესების დაცვა არის ჩვენი ხელისუფლების ვალდებულება, მიზანიც და მოტივაციაც, რათა დაცული იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქე, უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება, _ განაცხადა კახი კალაძემ.