ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში საქართველოს პრეზიდენტს ტელეკომპანია "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებზე მონიტორინგის განხორციელებას თხოვს.
ამის შესახებ კომენტარი ხალვაშმა ჟურნალისტებთან მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც ხალვაში ამბობს, პრეზიდენტს სთხოვა, სასამართლო პროცესს მისი წარმომადგენელი დაესწროს.
"ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო პრეზიდენტს, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და მიიღო. მოვუყევი ყველაფერი, ავუხსენი სამართლებრივი მხარე. ვთხოვე, რომ მონიტორინგი გაუკეთოს სასამართლოს, რადგან ის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდის – არის მცდელობა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახდინოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა, აქედან გამომდინარე ვთხოვე, რომ მისი წარმომადგენელი დაესწროს სასამართლო პროცესს და გაერკვეს თუ როგორ მიდის საქმე", _ განაცხადა ქიბარ ხალვაშმა და დასძინა, რომ პრეზიდენტმა დახმარება აღუთქვა.
"მან დახმარება აღმითქვა. ყველაფერი გაითვალისწინა. ჩვენ ავუხსენით სხვადასხვა სამართლებრივი ასპექტი, თუმცა მან თქვა, რომ ის არ არის იურისტი, ამიტომ დასკვნას ვერ გააკეთებს და უნდა მოუსმინოს სხვა მხარესაც. ცოტა ვრცელი ლაპარაკი გამოგვივიდა, ისტორია მოვყევით – როგორ ხდებოდა ყველაფერი", _ აღნიშნა ხალვაშმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტთან შესახვედრად ქიბარ ხალვაში თავის ადვოკატ, პაატა სალიასთან ერთად მივიდა.
































































