საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, 2016 წლის აპრილში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 600-700 ლარი იქნება. ამის შესახებ თამარ სანიკიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ საბაზო ხელფასის ზრდა კიდევ უფრო მეტად ზრდის საშუალო ხელფასს. მასწავლებლის საშუალო ხელფასი უკვე 2016 წლის აპრილში გვექნება 600-700 ლარი", _ განაცხადა სანიკიძემ.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის შემდეგ ყველაზე დიდი ფინასური რესურსი მობილიზებული იქნება განათლებაზე.
პრემიერი დაინტერესდა რამდენი იყო საშუალო ხელფასი, რაზეც სანიკიძემ უპასუხა, რომ საშუალო ხელფასი იყო 400-დან 500 ლარამდე. მინისტრმა აღნიშნა, 2017 წელს კიდევ არის მასწავლებლის ხელფასის ზრდა დაგეგმილი, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს გაუტოლებს მასწავლებლის ხელფასსაც.