საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურორს მიმართავს და წქობულეთის პოლიციის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
როგორც ომბუდსმენის განცახდებაშია აღნიშნული, ქობულეთის პოლიციაში პირებს გაუპატიურების მუქარით დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ.
"2015 წლის 30 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შს სამინისტროს ქობულეთის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა მთავარ პროკურორს.
ბრალდებულები რ.ტ., ბ.მ., გ.გ. და გ.კ. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ შედგენილ ახსნა–განმარტებებში მიუთითებდნენ, რომ შსს ქობულეთის პოლიციის თანამშრომლები უმოწყალოდ ცემდნენ და გაუპატიურებისა თუ ახლობლისთვის ნარკოტიკების ჩადების მუქარით დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ.
დროებითი მოთავსების იზოლატორში წარმოებული გარეგნული დათვალიერების ოქმების მიხედვით, ოთხივე დაკავებულს იზოლატორში მიღების დროს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, სამი მათგანი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. დროებითი მოთავსების იზოლატორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც რამდენჯერმე გახდა საჭირო.
დაკავებულთან მოპყრობის წესები, შიდასახელმწიფოებრივ ნორმებთან ერთად არაერთი საერთაშორისო კონვენციით რეგულირდება. აღნიშნული ნორმები შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნაწილია და, შესაბამისად, წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ადამიანი ნებისმიერ გარემოსა და პირობებში, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის დროს, დაცული იქნება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი უზრუნველყოფს წინადადებაში მოყვანილი ფაქტების სათანადო გამოძიებას და დანაშაულის დადგენის შემთხვევაში, დადგება დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი", _ აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.