საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკომისიის დასკვნა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით დადებითია.
"მინდა ყველას მოგილოცოთ, ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებები და არცერთი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ჩვენ ყველაფერი პირნათლად გავაკეთეთ. გუშინ საღამოს უკვე მომილოცეს და ასევე გილოცავთ ყველას და ვულოცავ ქართველ ხალხს, ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, მათი დაფასება, მათი ამდენი ხნის ლოდინის დაფასება და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ეს არის ქართველი ხალხის ნდობის დადასტურება ევროპის მხრიდან. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე. მან მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ეს მთელი ქართველი ხალხის გამარჯვებაა.