საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მტავრობის საქმიანობის სამწლიან ანგარიშის წარდგენისას, პენსიის ზრდაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი ამოცანა ხანდაზმულთა მშვიდი და ღირსეული სიბერის უზრუნველყოფაა.
"მომავალი წლის ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება. მთაში პენსია 216 ლარი იქნება. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან ესაა 80-ლარიანი მატება. ცხადია, ეს საკმარისი არ არის იმ ხალხის დასაფასებლად, რომლებიც ერთგულად ემსახურნენ ქვეყანას, მაგრამ ეს არის ის, რისი გაკეთებაც სახელმწიფოს შეუძლია. საკითხის საბოლოოდ მოსაწესრიგებლად ინტენსიურად ვმუშაობთ პენსიის დაგროვებითი სისტემის დასანერგად", _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სამწლიან მუშაობას აჯამებს. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპორტსმენები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სტუდენტები, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები ესწრებიან.

































































