დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოხდება, რის შემდეგ პროექტს დასამტკიცებლად დეპუტატები კენჭს უყრიან.
მომავალი წლის მთავრ საფინანსო დოკუმენტში, რომელიც 9 მილიონიან ნიშნულს გაუტოლდა, ძირითადი პრიორიტეტები შემდეგნაირად განისაზღვრა: ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; განათლების ხელშეწყობა; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის უფროსის ნათია ზედგინიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2016 წლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის მუხლი შარშანდელთან შედარებით მილიონ ნახევარი ლარით გაიზარდა. თანხა ძირითადად საგზაო-ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, გზებისა და წყალსადენის შიდა ქსელის რეაბილიტაცია-მომსახურებას, სოფლის მხარდამჭერ პროგრამას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობასა და კეთილმოწყობის ღონისძიებებს მოხმარდება.
მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. იგეგმება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების პრიველი და მეორე ცვლის აღმზრდელ -პედაგოგებისა და ძიძებისათვის ხელფასების ზრდა, გამრავალფეროვნდა ბავშვთა კვების მენიუც; განათლების ხელშეწყობის მიხნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მომავალ წელსაც დააჯილდოვებს 100% -იანი გრანტის მფლობელ მოსწავლეებს 3 000 ლარით და აღმზრდელ სკოლებს 1 000 ლარით.
თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. სხვადსხვა სოციალური პაკეტებთან ერთად, 100 % -ით დაფინანსდება C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევები. ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოსახლეობას, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების შეძენის ხარჯების ანაზღაურებაში გაეწევა დახმარება.
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა, ახალგაზრდა თაობის სოციალური დაცვა და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის 2016 წელსაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.
ინფორმაციისთვის, "გურია ნიუსის" ჟურნალისტები წლის მთავარი დოკუმენტის დამტკიცების პროცესს თვალს მიადევნებენ. ყველა სიახლე საკრებულოს სხდომიდან www.gurianews.com შეგიძლიათ ნახოთ.

































































