ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ახალი წლისთვის ემზადება. უკვე დამონტაჟებულია საახალწლო მორთულობა, რომელიც გურულებს ხუმრობის ხასიათზე აყენებს:
_ ისეთი განათებები დაკიდეს, ელექტროენერგია სირცხვილისგან ითიშება, _ აღნიშნავენ ჩოხატაურელები, რომლებსაც დღეს ხუმრობისთვის ახალი თემა მიეცათ.
დაბის ცენტრში დამონტაჟებულ განათებაზე ციფრი 6 ჩამოვარდა და ახლა ჩოხატაურში 201 წელია!
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, ექვსიანი არ ჩამოვარდნილა:
_ არ ჩამოვარდნილა, ჩამოვიღეთ, რადგან ფერი იყო განსხვავებული. შევცვალეთ და დღესვე დავკიდებთ. ჩვენ უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი ვაქცევთ ყურადღებას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუჭავამ.
უკვე დაწყებულია მთავარი საახალწლო ატრიბუტის _ნაძვის ხის აწყობა, რომელიც ამ მონაცემით ძალიან ღარიბულად გამოიყურება:
_ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ დადგა წესიერი ნაძვის ხე. ყოველ წელს ისეთი ნაძვის ხეა, რომ შეგეცოდება და სათამაშოს მიტანა მოგინდება. თავიდან ვბრაზდებოდით, მაგრამ უკვე აღარ _ ეს ხომ რეალობის გამომხატველია. ჩვენნაირი ღარიბია. თანაც, 201 წელს ესეც რომ გვაქვს, ვიამაყოთ უნდა, _ ამბობენ ჩოხატაურელები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ საახალწლო მორთულობის გაკეთება ჯერ დასრულებული არ არის და დასკვნების გამოტანა ნაადრევია!