საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თბილისში ორი ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მფლობელია. ამის შესახებ ბესელიას ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც დეპუტატმა 2015 წლის 30 დეკემბერს შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, თბილისში, გაბაშვილის (ყოფილი ყიფშიძის) ქუჩაზე 175.00 კვ.მ-ისა და თემქის მე-3 მიკრო რაიონში მდებარე 80.00 კვ.მ-ის ფართობის ბინების 100% -იანი მფლობელი ეკა ბესელიაა. მის საკუთრებაშია ასევე, 150.00 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე.
რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ეკა ბესელიამ საქართველოს პარლამენტიდან 66 465.00 ლარი, ხოლო სასწავლო უნივერსიტეტიდან "გორგასალი", სადაც ის პედაგოგიური საქმიანობას ეწევა, 18 000.00 ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ეკა ბესელიას ავტომანქანის გაყიდვიდან 9000.00 დოლარის შემოსავალიც აქვს მიღებული.
დეკლარაციის შევსების მომენტში ეკა ბესელიას საბანკო ანგარიშებზე საერთო ჯამში 20 348 დოლარი, 97 884.51 ლარი და 392.59 ევრო იყო.
კერძოდ, "თი–ბი–სი" ბანკის ანაბარზე მას 20 000.00 დოლარი და 16500.00 ლარი ჰქონდა; ბანკი "ქართუს" სახელფასო ანგარიშზე – 81199.36 ლარი; "თი-ბი-სი" ბანკის მიმდინარე ანგარიშებზე კი, 392.59 ევრო, 348.05 დოლარი და 186.04 ლარი ერიცხებოდა.
გარდა ამისა, დეპუტატს ნაღდი ფულის სახით 41 000.00 დოლარი ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატის სახელზე არანაირი სასესხო ხელშეკრულება არ ფიქსირდება, არ აქვს ფასიანი ქაღალდები და ძვირადღირებული ნივთები.