საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მოადგილეები წარადგინა.
ამის შესახებ მღებრიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მღებრიშვილმა ბესიკ ამირანაშვილი თავის პირველ მოადგილედ წარდგინა და აღნიშნა, რომ მან საქმიანობა რიგით გამომძიებლად დაიწყო და სხვადასხვა კარიერული ეტაპი გაიარა. მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, კახეთის, იმერეთის, თბილისის რეგიონული სამმართველოებში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა ამირანაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო და მან თავისი საქმიანობით თავი გამოიჩინა.
მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე დავით ვარდიაშვილი გახდება, რომელიც მინისტრის თქმით, უწყებაში საფინანსო-სამეურნეო მიმართულებას უხელმძღვანელებს.
გარდა ამისა, მინისტრის კიდევ ერთ მოადგილედ წარდგენილია მერაბ მალანია, რომელიც ამ დრომდე სამინისტროში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში მუშაობდა.
როგორც მინისტრმა მოადგილეების წარდგენისას განაცხადა, უწყებაში სისტემური და ძირეული ცვლილებები იგეგმება.