ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ წინააღმდეგობა გაუწია მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს არჩილ ყაზაიშვილს, რომელმაც წარმოადგინა საკითხი: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასული წლის ოქტომბრის განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე." კერძოდ, დაბა ნასაკირალის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს დაემატოს გამგებლის თანაშემწის ერთი საშტატო ერთეული და განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის განყოფილებას ასევე დაემატოს ერთი საშტატო ერთეული.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ განაცხადა, რომ თუ ეს ხდება, მაშინ ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი ცვლილება ბიუჯეტში, თუ არა და, ეს არის ნონსენსი! მე წინააღმდეგი კი არ ვარ, უბრალოდ, სპეციალისტს რომ ნიშნავ, ხელფასი ხომ უნდა იყოს? ეს წარმოქმნის პრობლემას.
"არავითარ პრობლემას არ წარმოქმნის," _ კატეგორიულად განაცხადა ყაზაიშვილმა.
_როგორ არ წარმოქმნის? ცვლილება თუ არის, შესაბამისი რეზერვიც უნდა იყოს ბიუჯეტში. ვიმეორებ, წინაღმდეგი კი არ ვარ, მხარს არ დავუჭერთ-თქო, არ ვამბობ, მივიღოთ ეს ცვლილებები, ოღონდ სამ თებერვალს, როცა საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება, წარმოადგინეთ ამ ცვლილების შესახებ, განვიხილოთ და კი, ბატონო, _თქვა კვერღელიძემ.
"არაფერი არ უჭირს, ისეც არაა პრობლემა! "_ მაინც არ ეთანხმებოდა ყაზაიშვილი.
საბოლოოდ დეპუტატებმა დიმიტრი კვერღელიძის შენიშვნა სავსებით კანონიერად მიიჩნიეს და საკითხის განხილვა სამი თებერვლისთვის გადაიდო.