"გურია ნიუსის" ცხელ ხაზზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მცხოვრებლები დაგვიკავშირდნენ.
მათი ინფორმაციით, სოფელში არ არის გზა გაწმენდილი.
" მეოთხე დღეა არ გვაქვს შუქი და გზა. მანქანა ვერ მოდის ჩვენამდე, სახლში ავადმყოფი მყავს და ასე უყურადღებოდ შეიძლება ვიყოთ?! მიცვალებული გვყავს სოფელში და გზა არ არის, რომ დავასაფლავოთ. ეკლესიამდეც არ გაიკვალა დღეს გზა."– გვითხრეს თხინვალელებმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის სოფელ თხინვალში ომარ დოლიძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემები დროულად მოგვარდეს.
"მინდა გითხრათ, რომ სოფლის ცენტრამდე გზა გაწმენდილია და ეს ძალიან მალე მოხდა. ასევე სადაც მიცვალებულია, იმ სახლამდეც არის გზა გაწმენდილი და ყველაფერი კეთდება იმისთვის ყველა პრობლემა დროულად მოგვარდეს. უბნებშიც მალე დაიწყება გზის გაწმენდა. რაც შეეხება ელექტროენერგიას, როგორც გამგეობაში გვითხრეს, დღეს აღუდგებათ შუქი აბონენტებს." – გვითხრა ომარ დოლიძემ.