ქართველ ტრანსგენდერს ბიანკა შიგუროვას, რომელიც ქალაქ თბილისში, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთში დაკრძალავენ, სადაც მისი ბებია, მამის დედა, მერი ხელაძე ცხოვრობს.
ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ მარშანიშვილის ინფორმაციით, მშობლიურ სოფელში ბიანკას გარდაცვალების შესახებ გუშინ სამ თებერვალს შეიტყვეს და ბებიამ წესისამებრ მეზობლებისგან სამძიმარიც მიიღო.
"როცა ოჯახმა ზურგი აქცია, ბიანკა გარკვეული პერიოდი ბებიასთან ცხოვრობდა, ის პატრონობდა. ახლა ბებიას სახლში მზადებაა მიცვალებულის გადმოსასვენებლად, მას ორმეთში დაკრძალონ, " -გვითხრა თემურ მარშანიშვილმა.
ჩვენივე ინფორმაციით, ბიანკა გარკვეული პერიოდი სოფელში ნორა მურადაშვილთან იყო შეკედლებული, რომელიც ამჯამად გარდაცვლილია.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც ნიშნავს თვითმკვლელობამდე მიყვანას.