"გურია ნიუსის" ინფორმაციით სურსათის უვნებლობის სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელად დღეს ნინო შეწირული დანიშნეს.
შეწირული სააგენტოში რამდენიმე წელია მუშაობს.
იგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, სოფელ თხინვალის მაჟორიტარი დეპუტატის ბიძინა გობრონიძის მეუღლეა.
შეწირული 2013 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაკანონიერი გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებდა.
ამის გამო სპეციალური პრესკონფერენციაც კი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არაკანონიერად დანიშნა საინფორმაციო _ საკონსულტაციო სამსახურის ოზურგეთის ხელმძღვანელი გიორგი ჭყონია და მისი მოადგილე გურამ იობიშვილი.
შეწირული სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში იღებდა მონაწილეობას და საკმაოდ მაღალი ქულებიც ჰქონდა, თუმცა თანამდებობაზე მაშინ არ დანიშნეს.
ნინო შეწირული საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებდა.
"პირად საუბრებში მეუბნებიან, რომ არ გინდათ საჩივრები, ძალიან გთხოვთ იქნებ სხვანაირად მოვაგვაროთ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ მივმართოთ სასამართლოს იმაზე, რომ ბატონი იობიშვილი უკანონოდ არის დანიშნული.
ამას სამინისტროს წარმომადგენლებიც ვერ უარყოფენ, თუმცა მათ არ უნდათ აჟიოტაჟის ატეხვა, იმიტომ, რომ მათ უკან დგანან სხვა მაღალჩინოსნები.
თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც კონკურსის უკანონო გადაწყვეტილებებში მიიღეს მონაწილეობა, ყველა აგებს პასუხს სასამართლოს წინაშე და დაისჯებიან", _ აცხადებდა 2013 წელს ნინო შეწირული (სტატია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე).
თუმცა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საქმეს გაგრძელება არ მოჰყოლია. მალევე ნინო შეწირული სურსათის უვნებლობის სააგენტოში დასაქმდა და დღემდე იქ მუშაობს. ჩვენ შევეცადეთ მისი კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა, ახალმა უფროსმა "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, კახა თავბერიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ დაწერა.
სამსახურის დატოვების მიზეზებზე თავბერიძე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს, თუმცა, როგორც მისი აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები გვეუბნებიან, ეს იძულებით მოხდა.
ამავე თემაზე: ერთი დღით დანიშნული უფროსი _ რა ხდება სურსათის უვნებლობის სააგენტოში; ერთჯერადი უფროსები სურსათის უვნებლობის სააგენტოში _ გაურკვევლობა გრძელდება