დღეს დილით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, ვახტანგ ზენაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ოზურგეთის პირველადი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც თავის დროზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა."თავისუფალი დემოკრატების" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ( ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე) ვახტანგ ზენაიშვილის სარჩელი, რომლის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება.
"ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გამგებლის, ზაზა ურუშაძის მტკიცება, რომ თითქოს მას ჰქონდა უფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაეთავისუფლებინა მისი მოადგილე. ვნახოთ რა გზას აირჩევს გამგეობა, გაასაჩივრებს ზედა ინსტანციაში, თუ ბრძანებაში გათავისუფლების საფუძველს მიუთითებს, რომლის მოძიებაც, როგორც ჩანს ძალიან უჭირს", -გვითხრა ვახტან ზენაიშვილმა.
ლანჩხუთის გამგეობის იურისტის შოთა ჩაგუნავას თქმით, დაელოდებიან როდის ჩაბარდება გამგეობას სასამართლო გადაწყვეტილება, რის შემდგომაც აუცილებლად შეიტანენ სარჩელს ზედა სასამართლო ინსტანციაში.