ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთისა და ქაქუთის ცენტრალური გზა, დიდი ხანია, შეკეთებას საჭიროებს. გასული თვის დიდთოვლობის შემდეგ კი გზის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ისედაც ორმოებით იყო სავსე, მთლიანად ამორტიზირებული გახდა. არანაკლებად ცუდი მდგომარეობაა სოფლების შემოვლით გზაზეც, საიდანაც ოზურგეთისა და ბათუმის მიმართულებით მიმოსვლაა შესაძლებელი.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, ეს გზა კაპიტალურად 2017 წლამდე ვერ გაკეთდება. მოსახლეობა სასწრაფოდ ითხოვს მოხრეშვას, რაც დროებით მაინც გააუმჯობესებს გზის ხარისხს და უზარმაზარ ორმოებს ამოავსებს.
" ხრეშს რომ დაყრი, მაინც მალე ამოიყრება და კვლავ ორმოები დარჩება. გეტყვით, რომ 1950 კმ. სიგრძის შიდა გზებია გასაკეთებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რომლის 80% ამორტიზირებულია. მოსაძიებელია თანხები. ამასთანავე, მოხრეშვაც რომ მოხდეს, ტენდერია ჩასატარებელი. რაღაც ღონისძიება მაინც უნდა გავატაროთ, მაგრამ დღესვე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, "_ ამბობს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე.
გზა, რომელიც სოფელში ცენტრალური სამოძრაო საშუალებაა, რაღაც ფორმით მაინც უნდა შეკეთდეს. "ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მოგვაქციოს ყურადღება, რომ საპროტესტო ნაბიჯის გადადგმა არ დაგვჭირდეს, "_ ამბობენ ჭანიეთისა და ქაქუთის მცხოვრებლები.